სულხან თამაზაშვილი – აჭარა ყოველთვის იყო და არის ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული კერა

,,კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების და პატივისცემის გამოხატვას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის, ქართული კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებას,” – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აჭარა ყოველთვის იყო ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული კერა.

,,აჭარა ყოველთვის იყო და არის ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული კერა. მე ამაყი ვარ, რომ ჩვენს რეგიონში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს კუთხეს არამედ თავიანთი შემოქმედებით ყოველდღიურად ამდიდრებენ ქვეყანაში კულტურულ ცხოვრებას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ ამ ღვაწლისთვის, თავდაუზოგავი შრომისა და ამ ღირებულებების მომავალი თაობებისთვის გადაცემისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, კვლავ გავაგრძელებთ ქართული კულტურის მხარდაჭერას და გაძლიერებას,” – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

აჭარის რეგიონიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ფესვების” წევრებს გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები