“ბრალდებულმა დაზარალებულთან განხორციელებული ვიდეოზარის დროს უკანონოდ მოიპოვა და ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას” – პროკურატურის ინფორმაციით დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „Facebook”-ზე არსებულ დაზარალებულის ანგარიშზე მოიპოვა უკანონო წვდომა, საიდანაც უკანონოდ გადმოწერა და შეინახა მისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გამოყენებითაც დაზარალებულს აშანტაჟებდა და ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2026 წლის თებერვალში ბრალდებულმა დაზარალებულთან განხორციელებული ვიდეოზარის დროს უკანონოდ მოიპოვა და ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას.

ბრალდებული 2026 წლის 25 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, გამოყენება და შენახვა) წარედგინება რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები