„მეორე დილით, ორშაბათს, როგორც კი შეფასდა ბავშვის ზოგადი საჭიროებები და კლინიკური მდგომარეობა, ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ბათუმში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევისთვის“ – იაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგი ნათია ცერცვაძე
„შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო პროცესში. მეორე დილით, ორშაბათს, როგორც კი შეფასდა ბავშვის ზოგადი საჭიროებები და კლინიკური მდგომარეობა, ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ბათუმში“, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის სამსახურის უფროსი, ნათია ცერცვაძე, ბათუმში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით აცხადებს.
მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო და აუცილებელი გახდა ადგილზე, დროული ჩართულობა.
„ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ბავშვის მდგომარეობა მაქსიმალურად გაგვეუმჯობესებინა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო დაზიანებების რეკონსტრუქცია. სწორედ ამიტომ გადაწყდა ბათუმში გამგზავრება. შემთხვევა კვირას მოხდა, ხოლო ორშაბათს მე და ჩემი განყოფილების კიდევ ერთი ქირურგი, ილია ლაზვიაშვილი, უკვე ადგილზე ვიყავით. იმ ეტაპისთვის ახალშობილი შეძლებისდაგვარად დასტაბილურებული იყო, თუმცა გადაუდებლად საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას“, – ამბობს ნათია ცერცვაძე.
ქირურგი აღნიშნავს, რომ ოპერაცია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ქირურგიულ ჩარევას, რომელიც ახალშობილებში შეიძლება ჩატარდეს.
„განხორციელდა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციული ჩარევა, რაც ბავშვის სიცოცხლისთვის, შემდგომი სტაბილიზაციისა და მკურნალობისთვის გადაუდებლად აუცილებელი იყო. სხვა შემთხვევაში არსებობდა ინფექციისა და სერიოზული გართულებების მაღალი რისკი, რაც კიდევ უფრო დაამძიმებდა მდგომარეობას“,- ამბობს ის.
ქირურგის თქმით, ოპერაციის შემდეგ, რეკონსტრუქციული ჩარევის თვალსაზრისით, გართულება არ დაფიქსირებულა.
„ბუნებრივია, სხვა დაზიანებების გათვალისწინებით, ჩვილის საერთო მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სახის მიმართულებით, ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურია და გართულებას ადგილი არ ჰქონია.
გულწრფელად რომ გითხრათ, მსოფლიოშიც ფაქტობრივად ვერ მოვიძიე, დარწმუნებული ვარ იქნება, უბრალოდ ვერ მოვიძიეთ, ზუსტად 2 დღის ახალშობილზე მსგავსი ქირურგიული ჩარევის პრეცედენტი. საკმაოდ რთული ქირურგიული ჩარევა ჩატარდა“,- აცხადებს ექიმი.
ამ ეტაპზე, ქირურგის თქმით, ჩარევის ზონაში მდგომარეობა სტაბილურია და გაუარესება არ დაფიქსირებულა, თუმცა დამატებითი კვლევების, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შემდეგ, ნევროლოგიური სტატუსი კვლავ კრიტიკულად მძიმე რჩება.
„ვიცი, რომ იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგიული და ნეონატოლოგიური გუნდები აქტიურად არიან ჩართულები და კლინიკა სრულ მზაობას აცხადებს, ყველა მიმართულებით მაქსიმალური დახმარების გასაწევად“, – აღნიშნა ნათია ცერცვაძემ.