“ახალგაზრდა ადვოკატები”: “სახელმწიფოს 43 მოსამართლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა წელიწადში 313 620 ლარი უჯდება”

“მოსამართლეთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ 43 მოსამართლისთვის დაქირავებულია საცხოვრებელი ფართი. საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ყოველთვიური ხარჯი 26,135 ლარს შეადგენს. ყოველწლიურად, სახელმწიფოს მოსამართლეებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა 313 620 ლარი უჯდება”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტმა, კალე ურიდიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოსამართლეთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მდგომარეობაზე შესწავლის შედეგებს აქვეყნებს.

“ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მოსამართლეთა საცხოვრებელი ფართებით დაქირავების პროცესში მეტი ხარჯთეფექტურობა მართებს.

ამასთან, საჭიროა, მოსამართლის სოციალური დაცვა შეფასდეს ხარისხიანი მართლმსაჯულების მიზნებით და გაუმჯობესდეს სასამართლოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოხდეს ახალი მოსამართლეების მიღება, გაიზარდოს მოსამართლის შრომითი ანაზღაურება, რაც პირდაპირ კავშირშია მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხთან და სასამართლოს ანტიკორუფციულ გარემოსთან”, – განაცხადა ურიდიამ.

მისივე თქმით, ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა, თუ რამდენი მოსამართლის მიმართ ახორციელებს სახელმწიფო ღირსეული ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფას – საცხოვრებელი ფართის დაქირავებას, რომელი მოსამართლეები, სად სარგებლობენ სახელმწიფოს მხრიდან დაქირავებული ფართით; აქვს თუ არა ადგილი სახელმწიფოს მხრიდან მოსამართლის მიმართ ღირსეული ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფისთვის, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემის ფაქტს და ყოველთვიურად, რა ხარჯს შეადგენს მოსამართლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

„შესწავლის შედეგად დგინდება, რომ, მოსამართლეთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ 43 მოსამართლის მიმართ დაქირავებულია საცხოვრებელი ფართი. საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ყოველთვიური ხარჯი შეადგენს 26,135 ლარს. ყოველწლიურად, სახელმწიფოს მოსამართლეებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა 313,620 ლარი უჯდება. ცნობილია ის გეოგრაფიული არეალი, სადაც მოსამართლეები საჭიროებენ სახელმწიფოსგან სოციალურ დაცვას. კერძოდ, ეს ქალაქებია: ამბროლაური (1 მოსამართლის მიმართ) ახალქალაქი (1 მოსამართლის მიმართ), ახალციხე (1 მოსამართლის მიმართ), ბათუმი (5 მოსამართლის მიმართ), ბორჯომი (1 მოსამართლის მიმართ), გორი (3 მოსამართლის მიმართ), გურჯაანი (1 მოსამართლის მიმართ), ზუგდიდი (2 მოსამართლის მიმართ), თბილისი (5 მოსამართლის მიმართ), თელავი (3 მოსამართლის მიმართ), ოზურგეთი (2 მოსამართლის მიმართ), სენაკი (1 მოსამართლის მიმართ), სიღნაღი (3 მოსამართლის მიმართ), ფოთი (2 მოსამართლის მიმართ), ქუთაისი (10 მოსამართლის მიმართ) და ცაგერი (1 მოსამართლის მიმართ). ამასთან, დგინდება, რომ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდგომ საერთო სასამართლოებში სახელმწიფოს მიერ მოსამართლეთა მიმართ ღირსეული ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე, დაგეგმილი არც მოსამართლეთათვის საცხოვრებელი კამპუსების მშენებლობაა”, – განაცხადა იურისტმა.

მისივე თქმით,  მოსამართლეთა საცხოვრებელი ფართით დროებით დაკმაყოფილება  სახელმწიფოს ვალდებულებასა და სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

“ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, რაც მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას საჭიროებს, საზოგადოების მხრიდან ნეგატიურად , ან კრიტიკულად არ უნდა იქნეს გაზიარებული. მოსამართლეთა საცხოვრებელი ფართით დროებით დაკმაყოფილება წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს. „საერთი სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში (მუნიციპალიტეტში) არა აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით,  ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს (გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო). საქართველოში, საერთო სასამართლოების სისტემაში, 400-მდე მოსამართლეა და სოციალური დაცვის საკითხი, გარდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისა, სხვა მიმართულებითაც დგას. კერძოდ, ხარისხიანი მართლმსაჯულების მიღებისთვის აუცილებელია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ახალი მოსამართლეების მიღება, მოსამართლის ხელფასის ზრდა, რაც გამოიწვევს საქმის განხილვასა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობაზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ მოსამართლეს, მიკერძოების შემცირებას და კორუფციის დაშვების ალბათობის შემცირებას, საქმეთა განტვირთულობას და დავების კანონით დადგენილ ვადებში განხილვას, მთლიანობაში ნდობის ამაღლებას საზოგადოებასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის, რაც სასამართლოს სტრატეგიული კომუნიკაციის არარსებობის პირობებში, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად შემცირდა. “- განაცხადა ურიდიამ.

მისივე თქმით,  მისასალმებელია, რომ  მოსამართლეებისთვის  საკუთრების უფლებით დროებითი საცხოვრებელი ფართების გადაცემა
სახეზე არ არის. როგორც ურიდიამ  განმარტა,  ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, არაფულადი სახის შეღავათებით მოსამართლეთა უზრუნველყოფამ შესაძლოა,   მოსამართლის დამოუკიდებლობის საკითხი ხელყოს.

„მნიშვნელოვანია სახელმწიფო აღმოჩნდეს ხარჯთეფექტური და ინსტიტუციურად მიუდგეს მოსამართლეთა სოციალური დაცვის – საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზანს რეგიონებსა და ქ. თბილისში მოსამართლეთა საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის კუთხით. ამასთან, სახელმწიფოს შეუძლია,  უკვე აშენებულ საცხოვრებელ ფართში შეიძინოს საცხოვრებელი ბინები, რაც ყოველწლიურად, დღევანდელი მონაცემის მიხედვით, მინუმიმ 313,620 ლარის დანახარჯს შეამცირებდა. გაურკვეველია, რატომ არ ხდება საკითხის ამ კუთხით განხილვა და მომზადება. ყოველთვიური თუ ჯამურად, ყოველწლიური დანახარჯი სახეზეა, რაც საერთო შეხდულებით, მისი მდგრადობის არარსებობის გამო, გრძელვადიანი ხედვით, არაეფექტიანადაც ,  შეიძლება შეფასდეს.

ცხადია, საცხოვრებელი ფართები მოსამართლეებს უნდა გადაეცეთ მათი უფლებამოსილების განხორციელების ვადით და ორგანიზაცია ცალსახად აღნიშნავს, რომ მისასალმებელია, როდესაც სახეზე არ არის მოსამართლეთა მიმართ საკუთრების უფლებით დროებითი საცხოვრებელი ფართების გადაცემა. ქართულ სასამართლო სისტემაში არსებობს ფაქტი, როდესაც პრეზიდენტის 2007 წლის ივნისში მიღებული განკარგულების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ქ. ბათუმში გადატანასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს, სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, უძრავი ქონებები საკუთრების უფლებით გადასცა. ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, არაფულადი სახის შეღავათებით მოსამართლეთა უზრუნველყოფამ შესაძლოა,  ხელყოს მოსამართლის დამოუკიდებლობის საკითხი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოსამართლეთა რეალური სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებისა და სასამართლოს რეფორმის, მისი კრიტიკის მიუხედავად, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

• გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა, რათა დატვირთვა ინდივიდუალურ მოსამართლეზე შემცირდეს;

• შემუშავდეს მოსამართლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის გეგმა, რომელიც გრძელვადიან ხედვაში, რეგიონებსა და ქ. თბილისში გადაჭრის იმ მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიებს, ვინც საჭიროებს საცხოვრებლით მომსახურებას;

• გაიზარდოს ყველა დონის სასამართლო ინსტანციის მოსამართლის შრომითი ანაზღაურება, რათა გაიზარდოს მართლმსაჯულების ხარისხი და გაიზარდოს კერძო სექტორში მოღვაწე კვალიფიციური იურისტების დაინტერესება მონაწილეობდნენ მოსამართლის შესარჩევ კონკურსში”- განაცხადა იურისტმა.

მისივე თქმით,  ორგანიზაცია ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს.

“2017 წელს, საქართველოს პარლამენტმა განიხილა ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადებაც, რომელიც მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების დაზუსტებისთვის, მოსამართლების მიმართ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობის თაობაზე, კანონმდებლობაში არსებული უზუსტობების აღმოფხვრას ეხებოდა. კერძოდ, წინადადება გულისხმობდა მოსამართლეების მიმართ საცხოვრებელი ფართების გადაცემას დროებით სარგებლობაში, მოსამართლედ საქმიანობის ვადით. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წინადადების კანონად ქცევა მიზანშეწონილად არ მიიჩნია და აღინიშნა, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭირო იყო მასზე დეტალური და არსებითი მსჯელობა. ასევე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც შეაფასებდა მოსამართლეთა მიმართ ქირითი უზრუნველყოფის ხარჯთეფექტურობის საკითხს. “- განაცხადა ურიდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები