დონალდ ტრამპი: ელისაბედ II დიდებული და მშვენიერი ქალბატონი იყო – მისი მსგავსი არავინ იყო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის მონარქის, ელისაბედ მეორის გარდაცვალებას ეხმაურება და სამეფო ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
როგორც ტრამპი აცხადებს, დედოფალ ელისაბედის ისტორიულმა და ღირსშესანიშნავმა მეფობამ დიდი ბრიტანეთისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა.
„მე და მელანიამ ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ მისი უდიდებულესობის დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შესახებ. ჩვენს ოჯახთან და თანამემამულე ამერიკელებთან ერთად, ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს ამ დიდი მწუხარების დროს. დედოფალ ელისაბედის ისტორიულმა და ღირსშესანიშნავმა მეფობამ დიდი ბრიტანეთისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. მისმა ხელმძღვანელობამ და გამძლე დიპლომატიამ უზრუნველყო და გააძლიერა ალიანსები შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან. ელისაბედ II დიდებული და მშვენიერი ქალბატონი იყო. მისი მსგავსი არავინ იყო!“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.