ერდოღანი მარცვლეულის საკითხში პუტინს ეთანხმება
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი მართალია, როდესც ამბობს, რომ “მარცვლეულის დერეფნით” მიწოდებები ღარიბ ქვეყნებში არ ხდება.
ამის შესახებ მან ზაგრებში ხორვატ კოლეგასთან, ზორან მილანოვიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პუტინი მართალია, რომ „მარცვლეულის დერეფნის“ მეშვეობით მიწოდება ღარიბ ქვეყნებში არ ხდება. მარცვლეული განვითარებულ ქვეყნებში მიდის. ანკარა იმედოვნებს და მხარს უჭერს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი რუსეთიდანაც დაიწყოს. ამ საკითხს პუტინთან სამარყანდში განვიხილავ“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
თურქეთის ლიდერმა გაიხსენა, რომ „მარცვლეულის დერეფნის“ შექმნის იდეა სასურსათო კრიზისის ფონზე, ყველაზე ღარიბი ქვეყნების მხარდაჭერას ეფუძნება.
„ანტირუსული სანქციების გაგრძელების ფონზე, პუტინს აწუხებს, რომ მარცვლეულის მიწოდება იმ ქვეყნებში ხდება, რომლებმაც მოსკოვს შეზღუდვები დაუწესეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებას რუსეთიდანაც. საკითხის გადასაჭრელად, პუტინთან თემას სრულყოფილად განვიხილავთ”, – თქვა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის ომის ფონზე ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებულ ვითარებაზე.
„ევროპაში ამ წუთებში შეშფოთებულნი არიან ზამთრის თვეებისთვის მზადებით. ენერგომატარებლებზე ფასები ძალიან მაღალია და ეს აწუხებს დასავლეთს და ევროპას. ვიმედოვნებ, რომ ეს საკითხი გადაიჭრება აუცილებელი ნაბიჯების გადადგმით“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.