ირაკლი კობახიძე: არის გარკვეული დელიკატური თემები, რომლებზეც საუბარი არ შეიძლება, მაგალითად – აგენტურაზე, რომელი ქვეყანაც უნდა იყოს

არსებობენ დეპუტატები, რომელთაც საკუთარი გზა აირჩიეს და მიიჩნევენ, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატების განცხადებას.

კობახიძის თქმით, აგენტურის საკითხის გაშლა მმართველ პარტიას გაუჭირდება, რადგან არის დელიკატური თემა, რომელზე საუბარიც არ შეიძლება.

„ჩვენ აქ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა და ვთქვით, რომ ყველაფერთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებდით. მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. არის გარკვეული დელიკატური თემები, რომლებზეც საუბარი არ შეიძლება. იგივეა, როცა საუბარია აგენტურაზე, რომელი ქვეყანაც  უნდა იყოს. ამ თემაზე საკითხის გაშლა მმართველ პარტიას გვიჭირს. არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე. მით უმეტეს, ამ წერილში საქმე ეხება პარტნიორ ქვეყანას. ამ თემაში საერთოდ ვერ შევალ, რომც ვიცოდე, რომ კონკრეტული აგენტია. როცა კომენტარს გვთხოვთ ყოფილი კოლეგების წერილებზე, პასუხს გაგცემთ, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით, რა დოზით ვსაუბრობთ გარკვეულ საკითხებზე. რაღაცების უარყოფა და დადასტურება მომავალშიც გაგვიჭირდება. შეიძლება, რაღაც წერილში ასი პროცენტით სიმართლეა, მაგრამ როგორც კი რაღაცას დავადასტურებთ ან არა, ეს იქნება სერიოზული პრობლემა. ვერცერთ წერილს ვერ დაგიდასტურებთ ვერცერთი პროცენტით, ყოველთვის ზოგად პასუხს გაგცემთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრებმა:  სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელეს, რომელიც შეეხება „რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელებულ წერილს საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები