Euractiv: საქართველო ევროკავშირის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტზე იქნება მიწვეული

საქართველო, უკრაინა, მოლდოვა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან.
ამის შესახებ Euractiv-ს ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება.
ევროკავშირის ახალი ფორუმის – “ევროკავშირი+”-ის პირველი შეხვედრა პრაღაში უნდა ჩატარდეს, რადგან ამჟამად ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. შეხვედრა 7 ოქტომბერს, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ გაიმართება.
„სამიტზე, რომელიც 6-7 ოქტომბერს პრაღაში დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით გაიმართება, მოსაწვევები უახლოეს დროში გაიგზავნება. მოსალოდნელია, რომ მათ მიიღებენ ნორვეგიის, შვეიცარიის, ისლანდიის, ლიხტენშტაინის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის ლიდერები“, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენელმა.
ახალი ფორუმის შექმნის იდეა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. მისი მიზანია – უზრუნველყოს პლატფორმა პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მათ შორის, იმ ქვეყნების ჩათვლით, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ისევე, როგორც იმ ქვეყნებს, რომლებიც არ აპირებენ ამის გაკეთებას და დარჩებიან ბლოკის მიღმა.
სამიტის მთავარი თემები იქნება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ენერგეტიკული კრიზისი და ევროპის ეკონომიკური მდგომარეობა.
გასულ კვირას ელჩებთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ახალი ევროპული პოლიტიკური ფორუმი ყოველ ექვს თვეში ერთხელ შეიკრიბება.
ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის საფრანგეთის მიერ შეთავაზებულ იდეას მხარი ევროპულმა საბჭომ ივნისში, ბრიუსელში გამართულ სამიტზე დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები