თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კარინ-ჟან პიერის განცხადებით, აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებამ შესაძლოა შეასუსტოს უკრაინის მხარდაჭერა და ზიანი მიაყენოს მის ჰუმანიტარულ ძალისხმევას.
„რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას შესაძლოა არასასურველი შედეგები მოჰყვეს უკრაინისა და მსოფლიოსთვის. მაგალითად, ჰუმანიტარული ექსპერტებისა და ორგანიზაციების აზრით, რომლებთანაც ჩვენ ვისაუბრეთ, ამან შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს უკრაინის ცალკეულ ოლქებში დახმარების მიწოდებაზე“, – აღნიშნა კარინ-ჟან პიერმა.
მისი თქმით, ვაშინგტონის ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ჰუმანიტარულ ძალისხმევას სურსათის ექსპორტის გასაადვილებლად და გაართულოს „მარცვლეულის გარიგების“ განხორციელება.
„უკვე დავაწესეთ მკაცრი შეზღუდვები, რომელიც შეესაბამება რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადების დონეს. ჩვენი სანქციები, საექსპორტო კონტროლი და ზომები რუსეთის გლობალური ეკონომიკიდან შემდგომი იზოლაციისთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.