ბრაზილიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა „ამაზონი და ტრადიციული კულტურები” გაიხსნება

7 სექტემბერს , ბრაზილიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) ბრაზილიის საელჩოს ორგანიზებით, ფოტოგამოფენა გაიხსნება სახელით „ამაზონი და ტრადიციული კულტურები”.

2022 წელს, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა დამოუკიდებლობის 200 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით წელს საქართველოში ბრაზილიის საელჩოს კულტურული პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო და საელჩომ უკვე არაერთი ღონისძიება გამართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფრანგი ფოტოგრაფის, ანთროპოლოგის და ბრაზილიური ამაზონის სპეციალისტის, სერჟ გიროს ფოტონამუშევრები. დამთვალიერებლებისთვის გამოფენა 8 სექტემბრიდან გაიხსნება და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გამოფენაზე ფოტონამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ბრაზილიის ინდიელ ტომთა არტეფაქტები და ბუმბულის ნამუშევრები – ტიპიური თავსაბურავები, რომელიც ნაკლებად ცნობილია ქართველი პუბლიკისთვის. ამიტომაც ეს გამოფენა გამორჩეული იქნება ბრაზილიური კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
ბრაზილიის საელჩო მადლობას უხდის თბილისის ისტორიის მუზეუმს გამოფენის მასპინძლობისთვის ამ უმშვენიერეს გარემოში; ასევე დიდი მადლობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერისათვის და ბატონ სერჟ გიროს გამოფენაში ნამუშვრებით მონაწილეობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები