გია ვოლსკი: ვფიქრობ, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გადასახედია თავად კომისიის მიერ – რაიმე არსებითს არ ითვალისწინებს

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმით არის გამოქვეყნებული „ტვიტერზე“ და დანართში მითითებული აქვს სასამართლოს აბსოლუტურად სხვა კანონი, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გვქონდა საუბარი და რომელზეც პრინციპული შენიშვნები არ გვქონია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ვენეციის კომისიის მიერ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია რაიმე არსებითს არ ითვალისწინებს და თავად ვენეციის კომისიის მიერ არის გადასახედი.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმით არის გამოქვეყნებული „ტვიტერზე“ და დანართში მითითებული აქვს სასამართლოს აბსოლუტურად სხვა კანონი, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში გვქონდა საუბარი და რომელზეც პრინციპული შენიშვნები არ გვქონია. ერთი შენიშვნა გვქონდა, რომელიც თავისივე მოცემულ რეკომენდაციას ეწინააღმდეგებოდა.

რაც შეეხება კანონს მოსმენებთან დაკავშირებით, რომელზეც ამბობენ ნაჩქარევად მიღებული კანონიაო, სამართლებრივად არანაირი შენიშვნა არ არის [მოცემული], თუმცა, ყველამ იცის, რომ ეს კანონი მარტიდან არის დამუშავებაში და 7 ივნისს იყო მესამე მოსმენით წარმოდგენილი. მას დაჩქარებულის არაფერი ეტყობა, მით უმეტეს, რომ სამართლებრივი შენიშვნები არც ჩვენს ოპონენტებს და არც საექსპერტო ჯგუფებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც პრეზიდენტს, რომელმაც ამ კანონს ვეტო დაადო, არ ჰქონია. ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გადასახედია თავად ვენეციის კომისიის მიერ და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. ვფიქრობ, დავძლევთ ვეტოს და კანონი იქნება მიღებული, რომელიც ყველა სტანდარტს შეესაბამება. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელსაც რეკომენდაციასაც კი ვერ ვუწოდებთ, რაიმე არსებითს საერთოდ არ ითვალისწინებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით რეკომენდაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები