ვახტანგ გომელაური – გოგაშვილზე: არ ვიცი, ვინ, სად და რამდენჯერ გაიყვანეს, მაგრამ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ მასთან კომუნიკაცია არ მქონია
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ მასა და გოგაშვილს შორის არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც გოგაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მასთან ოჯახშიც ყოფილა და არაერთ საკითხზე რჩევაც მიუცია და მასთან დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია.
„არ დამირეკავს, არ შემდგარა არანაირი კომუნიკაცია, მით უმეტეს მუქარა ოჯახის და ოჯახის წევრების ამოწყვეტით, სასაცილოა. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გვქონდა კომუნიკაცია, რომ გადადგა მას შემდეგ, პარტიაში იყო რამდენიმე ხანი და ჩვენ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ჩემთანაც ყოფილა ოჯახში და არანაირი დაძაბული ურთიერთობა ჩვენ არ გვქონია. რჩევაც უკითხავს და მიმიცია, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, ვინ, სად და რამდენჯერ გაიყვანეს, მაგრამ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ მასთან კომუნიკაცია არ მქონია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.