მიხეილ სარჯველაძე: რაც არ უნდა კრიტიკული იყოს შეხედულება, მოსაზრება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახეზეა თავდასხმა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებით „ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების – სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
“იმ შეხედულებას, რომელიც წერილშია ჩამოყალიბებული არ ვეთანხმები, ამის მიუხედავად, ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ არის თავდასხმა, რადგან რაც არ უნდა კრიტიკული იყოს შეხედულება, შეფასება, მოსაზრება, შენი პარტნიორის ქმედებებთან, მოსაზრებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახეზეა თავდასხმა. თავდასხმა სრულიად სხვა რაღაცას ნიშნავს. თავდასხმის ნიშნებს შეიცავდა სწორედ ის განცხადებები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან კეთდებოდა საელჩოს და პირადად ელჩის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. როდესაც საკითხის ირგვლივ გაქვს თემატური და საგნობრივი დისკუსია და ამასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება, ეს არ ნიშნავს, რომ სახეზეა თავდასხმა“, – განაცხადა სარჯველაძემ.