„სულსა და გულს ვდებ თითოეულ დეკორსა თუ სუვენირში“ – ხელოვანი აფხაზეთიდან, კეთილი გრინჩი და საყვარელ საქმიანობად ქცეული ჰობი

აფხაზეთში დაიბადა. ყოველთვის უყვარდა ხატვა, დეკორაციების შექმნა…  ხელნაკეთ ნივთებს   ახლო წრისთვის სუვენირებად ამზადებდა.
ფართო საზოგადოებას კი საკუთარი ნივთები პირველად   2019 წელის დეკემბერში გააცნო, როდესაც ისინი  გამოფენა-გაყიდვაზე გაიტანა…
ამბობს, რომ მაშინ მისმა ნამუშევრებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რამაც დიდი სტიმული მისცა. დღემდე  აგრძელებს საქმიანობას. ყველაზე მეტად  სამზარეულოს დეკორატიულ დაფებზეა მოთხოვნა. – შორენა გვილავას პერსონა.

– დავიბადე  გაგრაში,  დაბა განთიადში. იქ 15 წლამდე ვცხოვრობდი  ოჯახთან ერთად. ომამდე მართლაც მხიარული და უდარდელი ბავშვობა მქონდა. პატარაობიდან მიყვარდა ხატვა. დეკორაციების შექმნა ჩემით. რაღაც აქსესუარებსაც ვიგონებდი.
– ფართო საზოგადოებამ თქვენი ნამუშევრები 2019 წელს გაიცნო. როდესაც გამოფენა – გაყიდვაში მიიღეთ მონაწილეობა. რა განცდა გქონდათ მაშინ?
–  მაშინ პირველად მივიღე გამოფენა – გაყიდვაში მონაწილეობა,რომელსაც „მეწარმეთა კავშირი” ატარებდა. ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით გავიტანე ჩემი ნაკეთობები…
ძალიან სასიამოვნო განცდაა, როდესაც პირველად  მონაწილეობ ასეთი ტიპის ღონისძიებაში და ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს შენი ნამუშევრები…
ბევრი მომხმარებელი შევიძინე – როგორც ადგილობრივი, ასევე – უცხოელ ტურისტებიც. ეს ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის და აი, მას მერე მთლიანად გადავერთე ამ საქმიანობაზე.
– ამზადებთ ხელნაკეთ ნივთებს, სახლის დეკორს, აქსესუარებს, სუვენირებს…
– ვამზადებ სახლის ყველანაირ დეკორს, აქსესუარებს, ვხატავ… წელიწადის ყველა დროს და ყველა დღესასწაულს შესაბამის დეკორაციებს და სუვენირებს ვამზადებ. უფრო სააღდგომო და  საახალწლო სამზადისი მიყვარს (ალბათ მაგ პერიოდში ჩემშიც პატარა ბავშვი იღვიძებს და ძალიან მიხარია). სხვა დროს კი მომხმარებლის ნებაზეა დამოკიდებული, რა უნდა… უფრო სამზარეულოს დეკორატიულ დაფებზეა მოთხოვნა.
– გაქვთ თქვენი გვერდი Shoka Handmade.  როგორ მზადდება ხის მოხატული დაფები?
–  ჯერ უკმაყოფილო მომხმარებელი არ მყოლია, რადგან ყველა ნივთს მთელი სულით და გულით ვამზადებ.
ხის დაფებს ვამზადებ სხვადასხვა ტექნიკით: ზოგი მოხატულია,ზოგი – დეკუპაჟის ტექნიკით შესრულებული, ზოგიც 3D ეფექტით. ზემოდან ვაფორმებ ხოლმე, მომხმარებლის სურვილის მიხედვით.
– ერთ – ერთი ყველაზე საყვარელი ხელნაკეთი დეკორი არის საახალწლო გრინჩი…
– საახალწლო გრინჩი… ახლობელმა მთხოვა, ყველანაირ დეკორს ამზადებ და განსაკუთრებული რამ მინდა საჩუქრად… ყველგან მოვიძიე და ვერსად სათამაშო გრინჩი ვერ ვიპოვე, გთხოვ, დამიმზადეო….
მეც ვუთხარი, ვცდი-მეთქი, არასდროს მსგავსი რამ არ გამიკეთებია… ჯუჯები – კი, თოვლის პაპები – კი, მაგრამ ეს – არა…. ზოგადად, მიყვარს გამოწვევები… ესეც ახალი  და საინტერესო იყო ჩემთვის…. მოკლედ, მოვიძიე გრინჩის სახის ფოტოები და დანარჩენი ფანტაზიას მივანდე… და აი, ჩემი პირველი გრინჩიც ასეთი გამოვიდა.
ზოგადად, გრინჩი ბოროტია, მაგრამ ჩემს ახლობელს კეთილი უნდოდა…  ჩემი ნამუშევარი ძალიან მოეწონა – ჩემს ახლობელსაც, ფართო საზოგადოებასაც და განსაკუთრებით მე. ასე რომ,  გამოცდა ჩავაბარე… გვერდზე რომ დავდე, სწრაფად აიტაცეს და მას მერე ხშირად  მიწევს მისი დამზადება, და არა მარტო საახალწლოდ…
– ჰობი…
– ეს იყო ჩემი ჰობი, ჩემით ვქმნიდი ოჯახისთვის და ახლობლებისთვის ხელნაკეთ ნივთებს… დღეს კი ჰობი საყვარელ საქმიანობად იქცა. მოკლედ, სასიამოვნო და სასარგებლო გავაერთიანე.
– ოჯახი…
– ოჯახის დახმარებაა ზუსტად ის, რომ მე აქამდე მოვედი ჩემი საქმით. როგორც მორალურად და ფიზიკურად, ასევე ფინანსურად გვერდში მიდგანან – ჩემი მეუღლე და 4 შვილი.  ყოველი ჩემი წარმატება  ჩემზე მეტად უხარიათ.
– სამომავლო გეგმები…
– გეგმებს ჯერჯერობით ინტრიგად დავტოვებ… ისე გამოფენა – გაყიდვებში მივიღებდი კიდე მონაწილეობას – როგორც პერსონალურში, ასევე – ერთობლივში ჩემნაირ ხელოვანებთან  ერთად.

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები