ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან შეხვედრა გაიმართება

15 აგვისტოს, 19:00 საათზე, „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე  მარჯანიშვილის 7-ში, ამერიკელ ფოტოდოკუმენტალისტთან, ჯონ სტენმეიერთან საჯარო შეხვედრას მასპინძლობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე ფოტოგრაფი ისაუბრებს თავის შემოქმედებაზე და გამოცდილებებზე.
შეხვედრის მოდერატორია კურატორი მირიამ გრიგალაშვილი.
ჯონ სტენმეიერი ამერიკელი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოსააგენტო „VII” თანადამფუძნებელია. 15 წლის მანძილზე იგი ექსკლუზიურად თანამშრომლობდა National Geographic-თან, რა დროის მანძილზეც მან 19 განსხვავებულ ფოტოპროექტზე იმუშავა, იმ სოციალური და კულტურული საკითხების გარშემო, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს დროს. 1998-2008 წლებში სტენმეიერი ჟურნალ Time-ის კონტრაქტორი ფოტოგრაფი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ჟურნალის გარეკანზე მისი ფოტო თვრამეტჯერ გამოქვეყნდა. მან მიიღო ისეთი გავლენიანი საერთაშორისო ჯილდოები, როგორიცაა: World Press Photo (2013), National Magazine Award (2008) და Robert Capa Gold Medal (1999). დღეისათვის სტენმეიერის ფოტოპროექტების ძირითადი თემებია ადამიანის უფლებები და პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
7-13 აგვისტოს სტენმეიერი თბილისში ვიზუალური თხრობის ვორკშოპს ჩაატარებს, ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფებისთვის. ერთკვირიანი სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს მონაწილე ფოტოგრაფების შინაგან და პროფესიულ განვითარებას, რათა ხელი შეუწყოს მათ კარიერულ ზრდას.
ჯონ სტენმეიერი და ფოტოგრაფიის კურატორი – მირიამ გრიგალაშვილი უშუალოდ იმუშავებენ სამუშაო შეხვედრის თითოეულ მონაწილესთან ვიზუალური ნარატიული ესეების ხელოვნების დასაუფლებად. 7 დღის მანძილზე მონაწილეები იმუშავებენ უკვე მიმდინარე ან საწყის ეტაპზე მყოფი პროექტების განვითარებაზე, რათა აქციონ ისინი სიღრმისეულ, წარმატებულ ფოტოსერიებად. გარდა ამისა, ვორკშოპი მოიცავს პრაქტიკულ რჩევებს საერთაშორისო ინსტიტუციებთან, გამომცემლობებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებითაც, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს თავიანთი პროექტების საერთაშორისო სცენაზე გასატანად.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურა და კონტაქტების“ მიერ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები