თეა ახვლედიანი: ჩვენი შინდისელი გმირების თავგანწირვა, ისევე, როგორც გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, რომ განვამტკიცოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა
“ჩვენი შინდისელი გმირების თავგანწირვა, ისევე, როგორც გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, რომ განვამტკიცოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა”,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა შინდისის მემორიალთან განაცხადა.
მისივე თქმით, შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდია.
„შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირობის ეპიზოდია 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიაში, თუმცა ასევე, ერთ-ერთი უმძიმესი, რომელსაც 17 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა რუსეთის ჯართან უთანასწორო შეტაკებაში.
დღეს აქ შეკრებილ სასახელო გმირების ოჯახის წევრებს მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო, ვუსურვო შემართება და გამძლეობა მათ მოუშუშებელი ტკივილის გამკლავებაში. დღევანდელ დღეს, ჩვენი დაღუპული გმირების პატივის მიგებასთან ერთად მათი თავგანწირვა, ისევე, როგორც ჩვენი გადარჩენილი მებრძოლების ღვაწლი არის ის უდიდესი რამ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი მომავლის იმედის რწმენას და ასევე ჩვენს ვალდებულებას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა განვამტკიცოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნის განმტკიცების, მეტი განვითარებისა და ორად გაყოფილი ჩვენი საზოგადოების გამთლიანებისთვის“,- აღნიშნა თეა ახვლედიანმა.