პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდებული მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 მაისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის პროცესზე, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სხდომის დარბაზში ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ისროლა.
აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით). მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.