დმანისის თეატრის დასმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დადგმული სპექტაკლი ,,ხალდე” წარმოადგინა

დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის – „ხალდე” პრემიერა, რომელიც თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა, თავისუფალ თეატრში გაიმართა.

სპექტაკლის პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

„ხალდე” პირველი სპექტაკლია, რომელიც გიორგი სიხარულიძემ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ დადგა და ის საუკუნე-ნახევრის წინ ხალდეველების რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ აჯანყებას ეძღვნება. სვანეთის ერთმა სოფელმა ხალდემ თავისუფლებისთვის ბრძოლაში თავგანწირვის სწორუპოვარი მაგალითი აჩვენა. საბჭოთა ისტორიოგრაფია ცდილობდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ერის მეხსიერებიდან წაეშალა. სპექტაკლი თანამედროვეობის პერსპექტივიდან წარმოაჩენს თავისუფლებისთვის ბრძოლის სამაგალითო ამბავს.

სპექტაკლში დმანისის თეატრის ახალ დასთან ერთად, მოწვეული მსახიობები – გია აბესალაშვილი (თუმანიშვილის თეატრი) და ლილი ხურითი (სოხუმის თეატრი) მონაწილეობენ. პიესის ავტორია – ნინო სადღობელაშვილი; მხატვარი – თეო კუხიანიძე; მუსიკალური გაფორმება – ანა მურღულია.

როგორც ცნობილია, დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი სიხარულიძე კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაინიშნა. სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევისას სამინისტრომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მრავალი წლის მანძილზე, თეატრს არ გააჩნდა მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა, არ ჰყავდა მუდმივმოქმედი დასი და ტექნიკური პერსონალი, თეატრის წლიური ბიუჯეტი კი 26 000 ლარის ფარგლებში მერყეობდა. სწორედ გიორგი სიხარულიძესთან თანამშრომლობით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს თეატრის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრაზე. კერძოდ, თეატრის ბიუჯეტი გაიზარდა და შეადგინა 408 462 ლარი, ახალგაზრდა მსახიობებისგან ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი დასი, თეატრს გამოეყო დაფინანსება სადადგმო ხარჯისათვის, მიმდინარეობს მუშაობა შენობის რეკონსტრუქციისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები