ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტარების დელეგაცია სხვადასხვა პარტიისგან შედგებოდა და თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენლისგან ვიგრძენით, რომ საქართველოს მხარდაჭერა აქვს
“ეს დელეგაცია სხვადასხვა პარტიისგან შედგებოდა და თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენლისგან ვიგრძენით, რომ საქართველოს მხარდაჭერა აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტარების დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, დელეგაცია ყველა შეხვედრაზე ამბობდა, რომ მათი სურვილია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს.
„შეხვედრაზე დავაყენე ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიერ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის საკითხი და ძალიან ადეკვატური რეაქცია იყო ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მათთვისაც ასეთი ტიპის ჩარევა არის მიუღებელი. არ ველოდები, რომ იგივე პარლამენტარები არ გააგრძელებენ იმავე რიტორიკას, თუმცა, მათ უკვე იციან, რომ თუ გაგრძელდება ეს რიტორიკა, ამას ექნება ჩვენი მხრიდან საპასუხო რიტორიკა და ეს არავითარ შემთხვევაში არ ჩაითვლება რაიმე ინსტიტუტზე ან ევროპულ იდეალებზე თავდასხმად. ეს მათ მკაფიოდ განვუმარტეთ და მათი მხრიდან იყო აბსოლუტურად სრული გაგება და მიმღებლობა ამ საკითხის.
მე პირადად ოთხ შეხვედრაზე ვიყავი მათთან და ოთხივე შეხვედრაზე იყო გამოხატული ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ისინი ყველა შეხვედრაზე იმეორებდნენ, რომ მათ სურთ რაც შეიძლება მალე გახდეს საქართველო კანდიდატის სტატუსის მატარებელი ქვეყანა. გვქონდა საუბარი იმ მიზეზებზეც, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ ეს სტატუსი და ამ მხრივ რაიმე ლოგიკური ან რაციონალური ახსნა ამას არ აქვს. თუმცა, მეორე მხრივ, არის მხარდაჭერა, ეს დელეგაცია სხვადასხვა პარტიებისგან შედგებოდა და თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენლისგან ვიგრძენით, რომ საქართველოს აქვს მხარდაჭერა და მათ მოგვიწოდეს, რომ ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა სამხარაძემ.