საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციასა და მათ კონტროლზე ფორუმზე იმსჯელეს
არაგადამდები დაავადებების (NCD) პრევენციისა და კონტროლის სრულმასშტაბიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის მაღალი დონის დიალოგის დაწყებას ისახავს მიზნად მრავალსექტორული ფორუმი სახელწოდებით „გადაწყვეტილების მიღების დროა – არაგადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი საქართველოში”, რომელიც თბილისში, „შერატონ მეტეხი პალას”-ში გაიმართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივ ფორუმზე იმსჯელეს დონორების ტექნიკური დახმარებით შემუშავებული, არაგადამდებ დაავადებათა საინვესტიციო პაკეტის და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტის თაობაზე.
ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში გააანალიზეს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის პოტენციური ინტერვენციების საკითხი. ასევე აღნიშნულ დაავადებათა რისკ-ფაქტორები. განიხილეს არაგადამდები დაავადებების პრევენციაზე ორიენტირებული ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი მიღწევები და გამოწვევები.
„წინაპართა მიერ დაგროვილი ცოდნა, დაშვებულ შეცდომათა მეცნიერული ანალიზი, თანამედროვე, წარმატებული გამოცდილების გაზიარება, არგუმენტებზე დაფუძნებული პროფესიული დიალოგი, უწყვეტი განათლებისა და სრულყოფის ერთიანობა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სფეროში ზეპოლიტიკური მსახურება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესი გზაა არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში”, – განაცხადა ფორუმის გახსნისას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ.
ფორუმში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში სილვიუ დომენტე.
ფორუმის მუშაობაში ასევე ონლაინ პლატფორმების საშუალებით მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები.