Moscow Times: 300-მდე დაღესტნელმა სამხედრომ უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ქალაქ ბუნაისკში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილის 300-მდე ჯარისკაცმა იარაღი თვითნებურად დაყარა და უკრაინა დატოვა.
ამის შესახებ The Moscow Times-ი ორ უფლებადამცველზე დაყრდნობით იტყობინება.
მათი თქმით, დაღესტანში დაბრუნების შემდეგ, კონტრაქტორებმა ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა წამოიწყეს.
უკრაინაში ისინი თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და აცხადებდნენ, რომ ფორმასა და იარაღთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, ასევე, ზოგიერთი მათგანი დაღესტანში გაყინული კიდურებით დაბრუნდა.
The Moscow Times წერს, რომ ბუნაიკსკში კონტრაქტორებს დეზერტირებივით დახვდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების, სამხედრო და პროკურატურის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.
მათი ნაწილი, ახლობლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლით, მკურნალობის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა.
ამჟამად, გამოძიებას სამხედრო პროკურატურა აწარმოებს.
როგორც გამოცემას სამხედრო იურისტმა განუცხადა, “სამხედრო ნაწილში 10 დღეზე მეტი ხნით არყოფნა შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზეზი გახდეს”.