„მთელი ბიჭვინთის სანაპირო რუსების მიერაა წაღებული, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი რუსეთის საკუთრებაში გადადის“ – ჯემალ გამახარია
მთელი ბიჭვინთის სანაპირო რუსების მიერაა წაღებული, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის იანვარში საიდუმლოდ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის და ზღვის მიმდებარე აკვატორიის რუსეთის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. როგორც გამახარიამ განაცხადა, აღნიშნული ხელშეკრულება იანვარში საზოგადოებისგან ფარულად დაიდო და მის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
„ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთი მთლიანად ოკუპირებულია და ამ ტერიტორიის ანექსიის პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობს. დღეს ამ ანექსიის ფორმებსა და მეთოდებს გავეცნობით, რაც უკვე გამოკვეთილია. ჯერ კიდევ 1995 წელს, არძინბას დროს, როცა ომი ახალი დამთავრებული იყო, პიცუნდის სახელმწიფო აგარაკები რუსეთს სარგებლობაში გადაეცა. რუსეთი ამ ტერიტორიით მანამდეც სარგებლობა, ეს აგარაკები საბჭოთა კავშირის დროიდან იყო და რუსეთის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები ხშირად ისვენებდნენ. როგორც გითხარით, ომის შემდეგ, 1995 წელს ეს ტერიტორია უფასოდ, უვადოდ რუსეთის ფედერაციას სარგებლობის უფლებით გადაეცა. რამდენიმე კვირის წინ, ივნისში გამოჩნდა ხელშეკრულება, რომელიც იანვარში რუსეთის მთავრობას და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორისაა დადებული. ამ ხელშეკრულების ძალითაც ეს ტერიტორია (186 ჰექტარი) რუსეთის საკუთრებაში გადადის. იქ წერია, რომ მიწა, სადაც შენობა-ნაგებობები დგას 49 წლითაა გადაცემული, მაგრამ ეს ფანდია. საქმე ისაა, რომ რუსეთს ამ მიწებით სარგებლობის უფლება უვადოდ აქვს. რასაც ააშენებს, მხოლოდ მის სარგებლობაშია. იქაა უნიკალური ფიჭვნარი, რომელიც დაცული ტერიტორიაა, ნაკრძალია ჯერ კიდევ 1926 წლიდან, რომელიც უნიკალური ადგილია. ეს ყველაფერი რუსეთის საკუთრებაში გადადის, რაც იქ აშენდება მისი საკუთრებაა. ასევე, მის საკუთრებაში გადადის ზღვის აკვატორიის 2, 5-კილომეტრიანი მონაკვეთი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ტერიტორია უკვე რუს ბიზნესმენზე, ტკაჩოვზეა გაყიდული, მთელი ბიჭვინთის სანაპირო რუსების მიერაა წაღებული. ხელშეკრულების მიხედვით, ამისთვის წელიწადში 1 რუბლს იხდიან. იქ მოსამსახურეები ვინც იქნებიან – რასაკვირველია, ყველა რუსეთიდან იქნება. ისინი დიპლომატიური ხელშეუხებლობით ისარგებლებენ. რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა გააკეთონ, მათი დაპატიმრება არ შეიძლება.
ამ უნიკალური ფიჭვნარის დაცვის რაიმე გარანტიები ამ ხელშეკრულებაში ჩადებული არაა. იმ მიწით, ტერიტორიით რუსეთი როგორც უნდა, ისე ისარგებლებს, რასაც უნდა – იმას დაანგრევს და ააშენებს. ეს ტერიტორია მუდმივადაა გადაცემული. 49 წელი აფხაზების მოსატყუებლადაა ჩაწერილი. აფხაზები ამას ძალიან კარგად ხვდებიან. ხელისუფლების გარდა, ამ ყველაფერს მხარს არავინ უჭერს. ეს საკითხი ყოველდღე განხილვის საგანია. დე ფაქტო ხელისუფლებამ ხელშეკრულებას ხელი 19 იანვარს მოაწერა და ეს საზოგადოებამ მხოლოდ ივნისში გაიგო. ეს თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ თავადაც იცოდნენ – ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდნენ, ამას მალავდნენ. მათი დე ფაქტო კანონებით ხელშეკრულებას რატიფიკაცია სჭირდება. დე ფაქტო პარლამენტმა რატიფიკაცია უნდა გააკეთოს. ძველი პარლამენტი ამის რატიფიკაციას არავითარ შემთხვევაში არ მოახდენდა. ამიტომ, ისინი ახალი დე ფაქტო პარლამენტის მუშაობის დაწყებას დაელოდნენ, სადაც დიდი უმრავლესობა ჰყავთ. დიდი ალბათობით, დე ფაქტო პარლამენტი ამ ხელშეკრულების რატიფიკაციას მოახდენს“, – განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო აფხაზურ საზოგადოებაში პროტესტია.
„დე ფაქტო ხელისუფლების გარდა, ყველა დანარჩენი: პოლიტიკური პარტია იქნება თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ამის წინააღმდეგია.
ბჟანია იძულებული გახდა, ბიჭვინთაში ჩასულიყო და მოსახლეობას შეხვედროდა, რომელიც ამ ყველაფრის კატეგორიული წინააღმდეგია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ადგილობრივ მოსახლეობას ზღვაზე გასასვლელი არ დარჩა. ბჟანიამ მოსახლეობის წინაშე რით იმართლა თავი: მან თქვა, რომ ჩვენი ე.წ. დამოუკიდებლობის განმავლობაში რუსეთმა 105 მილიარდი რუბლი მოგვცაო. მან, ფაქტობრივად, თქვა, ჩვენ რუსეთს ამ მიწას იმ დახმარების სანაცვლოდ ვაძლევთ, რასაც რუსეთი გვიწევსო, იმ დახმარების გარეშე აფხაზეთი ერთი დღე ვერ იარსებებსო.
რუსეთი იმ უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა არა აფხაზების სიყვარულით, რომ მათ დახმარებოდა და გადაერჩინა, არამედ – იმიტომ, ეს მიწები თანდათანობით ხელში ჩაეგდო. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს კიდევ ერთი არგუმენტი აქვთ: რადგანაც აქ რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები დაისვენებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენზე თავდასხმას ვერავინ გაბედავსო. ესეც ცრუ არგუმენტია. მათ 2014 წელს დადებული ხელშეკრულება აქვთ, რომლის მიხედვითაც აფხაზეთზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმას ნიშნავს, რუსეთზე თავდასხმა კი – აფხაზეთზე თავდასხმას”, – განაცხადა გამახარიამ.
მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ზღვისპირა ქალაქის აშენება იგეგმება, რომლის უკან რუსეთი დგას.
“კიდევ ერთი საკითხია, რომელმაც აფხაზურ მედიაში გაჟონა და დაახლოებით 1 კვირას მუსირებდა. შემდეგ გამოაცხადეს, ეს ახლო მომავალში არ იქნებაო. გამოქვეყნდა ყველასთვის უცნობი გერმანული კომპანიის ხელმძღვანელის წერილი აფხაზეთის მთავრობისადმი, რომ მათ სურთ, აფხაზეთში ააშენონ ახალი ზღვისპირა ქალაქი, რომლის მოსახლეობა 30 000 ადამიანი იქნება და ამ პროექტზე 6 მილიარდი ევრო დაიხარჯება. კომპანიის ხელმძღვანელის სახელი და გვარი ეწერა, მაგრამ არც კომპანია და არც კომპანიის სახელი არსად იძებნება. ვერავინ მოძებნა.
ეს წერილი გამოქვეყნდა თუ არა, მეორე დღეს ბჟანია წერილს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ აფხაზური მხარე ამას მიესალმება და მზადაა, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაიწყოს, რათა ამ პროექტის რეალიზაცია მოხდეს. 5-6 წლის წინ ამის შესახებ ხმა გავარდა, მაგრამ უცბად შეწყდა. ახლა კონკრეტულად რაიონი და ადგილი მითითებული არაა. 5-6 წლის წინ გალის რაიონზე იყო საუბარი, სადაც რუსეთი დიდი პორტის აშენებას აპირებდა, ვითომ იქ ღრმაწყლოვანი დიდი პორტი და ქალაქი შენდებოდა. საუბარი საუბრად დარჩა. თითქოს, ყველას დაავიწყდა. ახლა ეს თემა კვლავ წამოტივტივდა და საზოგადოების მხრიდან ძალიან მწვავე უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ყველა მიხვდა, რომ არა გერმანული კომპანია, არამედ ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას. რუსეთი სანქცირებულია, რომელი გერმანული კომპანია ჩადებს 6 მილიარდ ევროს აფხაზეთში? ეს იყო ზღაპარი, მაგრამ ნიადაგი მოსინჯეს, როგორი იქნებოდა რეაქცია. როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთი რუსული გეგმაა. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რაღაც პრობლემების გამო ახალი ზღვისპირა ქალაქის მშენებლობა, ჯერჯერობით, დღის წესრიგში არ დგას. მაგრამ დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, გაივლის გარკვეული პერიოდი და ეს თემა კვლავ ამოტივტივდება.
კიდევ ერთი საკითხი სოხუმის აეროპორტის პრობლემაა. აქ ბევრი ბრიფინგი ჩამიტარებია და თითქმის ყოველთვის ამ აეროპორტთან დაკავშირებით ვსაუბრობდით. ბჟანიას შარშან რუსეთში დაახლოებით 15 ვიზიტი აქვს განხორციელებული. ყველა ვიზიტის დროს ამ აეროპორტის აღდგენაზე იყო საუბარი. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ 2024 წლისთვის ეს აეროპორტი უნდა აღდგეს. ეს ხომ დიდი თანხები ჯდება, ვინ უნდა აღადგინოს და მართოს ეს აეროპორტი? რა თქმა უნდა, რუსეთმა. ბიჭვინთასთან დაკავშირებით რუსეთი რას ეუბნება აფხაზეთს: რასაც ავაშენებთ აფხაზეთში და ინვესტიციებს ჩავდებთ, ეს აუცილებლად რუსეთის საკუთრებაში უნდა იყოსო. აეროპორტს დღეს შერეული, სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების სტატუსი აქვს. ადრე სამხედრო არ იყო. როცა აეროპორტი აშენდება, იქ სუფთა რუსული სამხედრო აეროპორტი იქნება, მიმართული მთავარი მოწინააღმდეგის – ნატო-ს და ევროპის წინააღმდეგ“, – განაცხადა გამახარიამ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც აფხაზეთი მზადაა, რუსეთში საქონლის პარალელური იმპორტის პლატფორმა გახდეს.
„კიდევ ერთი საკითხი: ესაა პორტების საკითხი. ბჟანია 10 ივლისიდან 16 ივლისამდე ვიზიტით უფაში, ბაშკირეთში იმყოფებოდა. მან უფაში ყოფნისას განაცხადა, რომ აფხაზეთი მზადაა, თავისი საზღვაო პორტების მეშვეობით რუსეთს დაეხმაროს, რომელიც მძიმე სანქციების ქვეშაა და ამ თავისი პორტებით ის საქონელი შემოიტანოს, რომელიც სანქცირებულია, რუსეთში ვერ შედის, ანუ პარალელური იმპორტი უნდა განახორციელოს. პარალელურია იმპორტი, როდესაც საქონელი არა მისი კანონიერი მფლობელისგან მოდის, არამედ – რომელიღაც სხვა კომპანიისგან, რომელსაც არ ევალება ამ საქონლის წარმომავლობა და რაიმე დოკუმენტაცია წარმოადგინოს. ესაა სრული უკანონობა. როცა აპირებ, რაღაც პროდუქცია უკანონოდ, სანქციების გვერდით ავლით შემოიტანო, რატომ უნდა შეატყობინო წინასწარ მსოფლიოს? როგორც ჩანს, ბჟანიამ ეს რუსეთის დავალებით განაცხადა. ძალიან დიდი ალბათობით, ეს პორტებიც მალე რუსეთის მფლობელობაში გადავა. აფხაზეთს ორი პორტი აქვს: ოჩამჩირის, რომელიც ისედაც სანახევროდ რუსების ხელშია და სოხუმის. წარმოიდგინეთ, პიცუნდიდან მოყოლებული, ჩამოხვალთ გალამდე და დაინახავთ, რომ მთელი ზღვისპირა ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში იქნება. ესაა აფხაზეთის ანექსიის ახალი ფორმა, ახალი მეთოდი. ბუნებრივია, ამ პირობებში ჩვენი ამოცანაა, ვამხილოთ ეს გეგმა და ჩვენს ხელთ არსებული ყველა მეთოდით წინ აღვუდგეთ“, – განაცხადა გამახარიამ.
თამუნა შეყილაძე