რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა: 67 წლის ქალი და 38 წლის მამაკაცი.
ასევე, იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა – 41 წლის ქალი და 75 წლის მამაკაცი.
ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ში დაწერა.
მისივე ინფორმაციით, მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ბოგოდუხოვსკის და ჩუგუევსკის რაიონებზე.
ზოლოჩოვში ცეცხლი გაუჩნდა კერძო სახლებს, სამეურნეო შენობებს და ავტოფარეხებს.
ჩუგუევში 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, დაზიანდა ფანჯრები, მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა.
ასევე, დღის განმავლობაში იზუმის რეგიონიც იბომბებოდა – ცეცხლი იყო მოდებული 250 ჰექტარ მინდორზე გაშენებულ ხორბალსა და ნაგავსაყრელებზე.
ხარკოვში მტერმა ღამით საარტილერიო იერიშები მიიტანა კიევის რაიონზე, დაზიანებულია მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.