დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ევროკავშირის დირექტივაზე – აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, ევროპის საბჭოს პროექტის – „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კომიტეტის წევრებთან ერთად, პარლამენტის სხვა წევრებიც მონაწილეობდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრის თემაა „გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები და მედიის პროფესიული რეგულირება: ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის გამოცდილება” .
„გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები და მედიის პროფესიული რეგულირება თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამ კუთხით ჩვენთვის საინტერესოა ევროსაბჭოს და ევროკავშირის გამოცდილება. შესაბამისად, ჩვენ, ერთი მხრივ, დეტალურად განვიხილავთ თუ რა ვალდებულებები გვაქვს აღებული ასოცირების ხელშეკრულებით შესასრულებელი, რომელთაგან მედიის პროფესიული რეგულირება ასოცირებით ნაკისრ ვალდებულებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იგი წლის ბოლომდე გვაქვს მისაღები და შესაბამისად, აუცილებელია რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა დავიწყოთ. მეორე მხრივ, საინტერესოა თუ რა არის ევროკავშირის ქვეყნებში საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნული მიმართულებით და კანონპროექტი, რომლის მიღებასაც ჩვენ ვაპირებთ, როგორ თანხვედრაშია ასოცირებით აღებულ ვალდებულებებთან”, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართვისას და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართა ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა, გამოხატვის თავისუფლების სფეროში თანამშრომლობის სამმართველოს წარმომადგენელმა თამარ კობახიძემ.
„ევროპის საბჭოს მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ საკანონმდებლო პროცესის ეფექტიანად წარმართვას. ჩვენი მისიაა მოგაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია სხვადასხვა სტანდარტებთან დაკავშირებით, თუ როგორ დანერგეს აღნიშნული დირექტივა სხვა ქვეყნებმა და ამით ხელი შევუწყოთ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით”, – განაცხადა თამარ კობახიძემ. გამოხატვის თავისუფლება, ევროკავშირის აუდიოვიზუალური მომსახურების შესახებ დირექტივა და მედიის პროფესიული რეგულირება, ზოგადად, მედიის პროფესიული რეგულირება საქართველოში – ეს ის საკითხებია, რომელზეც საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროპის საბჭოს ექსპერტების მონაწილეობით იმსჯელეს.
ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე, რომ მოახდინოს ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შესახებ დირექტივასთან (EU Audiovisual Media Services Directive (EUAVMSD)) საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. მსჯელობა გაიმართა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე (გამოხატვის თავისუფლება), მათ შორის, მედიის თავისუფლების კონტექსტში. გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად, ყურადღება სხვა უფლებებსაც დაეთმო, მათ შორის, პირადი ცხოვრების უფლებას, საჯარო ინტერესს და ა. შ. ყურადღება დაეთმო ასევე იმ მოთხოვნებს, რასაც ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შესახებ დირექტივა მედიის პროფესიულ რეგულირებასთან დაკავშირებით ზოგადად აწესებს.
გაიმართა მსჯელობა ასევე მედიის პროფესიული რეგულირების სისტემაზე საქართველოში და დირექტივის მოთხოვნებთან მის შესაბამისობაზე. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები მეორე დღეს იმსჯელებენ სიძულვილის ენასა და უხამსობაზე, მედიის პროფესიული რეგულირების კუთხით ევროპული ქვეყნების მაგალითებზე და ამ მხრივ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტით წარმოდგენილ მოდელზე. სამუშაო შეხვედრაში კანონმდებლებთან ერთად მონაწილეობენ ევროპის საბჭოს ექსპერტები ბესარიონ ბოხაშვილი, ტობი მენდელი და ივ სალომონი, ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა” საქართველოს დესკის ხელმძღვანელი ქეთევან შენგელია და კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლები.