“ბევრ უსამართლობას ვნახავთ, მაგრამ საუკეთესო პასუხი ჩვენს შემთხვევაში იქნება უფრო მეტის კეთება ქვეყნისთვის, რაც მთავარია და ხალხისთვის” – ლევან მახაშვილი
“როდესაც ელჩი ამბობს, რომ მაინც ღიაა კარი, ჩვენ ამას დავიჯერებდით, საერთო კონტექსტი რომ იყოს ამ პროცესის მხარდამჭერი”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა.
ამით მახაშვილმა „საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება შეაფასა, რომელიც ამბობს, რომ, “რეგრესის მიუხედავად, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია რჩება”.
„როდესაც ელჩი ამბობს, რომ მაინც ღიაა კარი, ჩვენ ამას დავიჯერებდით, საერთო კონტექსტი რომ იყოს ამ პროცესის მხარდამჭერი, მაგრამ როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მაინც ჯიქურ არ ჩერდება მცდელობა, წაახალისონ შიდა რადიკალიზაციის პროცესი, არადამაჯერებელი და არასერიოზულია, ერთი ხელით დიალოგს სთავაზობდე ქვეყანას და მეორე ხელით მაქსიმალურად ძირს უთხრიდე მის სახელმწიფო ინსტიტუტებს.
ამიტომ, კი ბატონო, ძალიან კარგია, თუ ასეა, უბრალოდ ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, სურვილი, რომ ამ განცხადებების მიღმაც რეალურად იქნება იმის განწყობა ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან, რომ ეს დიალოგი ნამდვილად წარიმართოს.
რაც შეეხება დირექტივებს, ესეც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, დირექტივების გათვალისწინება იმდენად იქნება ჩვენი ინტერესი, რამდენადაც ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამება. ამიტომ, ეს გრძელ ვადაზეა გაწერილი. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ არის ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. ბევრი გაუგებრობაც შეიძლება იყოს, ბევრ უსამართლობას ვნახავთ, მაგრამ არ გავჩერდებით მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ძალას აქვს იმის სურვილი, შუა გზაზე დავაგდოთ ეს პროცესი.
ბევრ უსამართლობას ვნახავთ, მაგრამ საუკეთესო პასუხი ჩვენს შემთხვევაში იქნება უფრო მეტის კეთება ქვეყნისთვის, რაც მთავარია და ხალხისთვის, რომ ის სიგიჟე, რაც ხდება, ცეცხლის ალი, რაც ტრიალებს ჩვენი ქვეყნის გარშემო, ნაკლები ზიანით გამოვიდეთ ამ პროცესიდან, უფრო მეტი მივიღოთ ეკონომიკური კეთილდღეობა იქნება თუ საბოლოო ჯამში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – ჩვენ ამ მიმართულებით სვლას განვაგრძობთ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი უსამართლო, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკასა და მორალს აცდენილი განცხადებები თუ დამოკიდებულება არ უნდა იყოს.
ბიუროკრატიის მახასიათებელია, რომ ის არის დროებითი. ადრე თუ გვიან ეს დამოკიდებულება შეიცვლება. მით უმეტეს, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ გარკვეული მთავრობები იცვლებიან წევრ სახელმწიფოებში და საღად მოაზროვნე ძალები მოდიან ხელისუფლებაში.
ამიტომ, ჩვენ გვაქვს იმედი. ჩვენ გვაქვს ევროპის იმედი, ოღონდ არა იმ ევროპის, რომლის ქადაგებასაც დღეს ახორციელებენ, ნამდვილი ევროპის, რეალური ევროპული ღირებულებების, რომლის ნაწილიც და მონაწილეც ჩვენც ვიყავით, ამ ევროპის მშენებლობის. ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოო ჯამში, მარტო საქართველო კი არა, ყველა ქვეყანა, რომელიც სიმართლის მხარეს არის, საღი აზრის მხარეს არის, იქნება გამარჯვებული 2030 წლისთვის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.