საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის გახსნაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა, საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, სადაც, საქართველოს პროკურატურისთვის, მართლმსაჯულების პროცესში ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის და უპირველესად სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთათვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პროკურატურის ინფორმაციით, ნათია მერებაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ასევე არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის პოლიტიკაზე და ბოლო წლებში გადადგმულ პროგრესულ ნაბიჯებზე. ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის დახმარებით გაიხსნა.

ცენტრის კონცეფციის შემუშავების და საკანონმდებლო ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესში სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პროკურატურა. სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლებთან ურთიერთობა სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღებას სჭიროებს, რათა ამ პროცესში მონაწილეობამ უფრო მეტად არ დააზიანოს არასრულწლოვნის ფსიქიკა, კიდევ უფრო არ გააღრმავოს სტრესი, რომელიც არასრულწლოვანმა განიცადა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე წლების განმავლობაში არაერთი ეფექტიანი ნაბიჯი გადაიდგა, საჭირო იყო შექმნილიყო სივრცე, რომელიც სამართალწარმოების პროცესში მონაწილე გამომძიებელს, პროკურორს და პროცესის სხვა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემდა არასრულწლოვანთან კომუნიკაციის პროცესი, მასთან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები განეხორციელებინა ბავშვზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოში, სადაც იარსებებდა კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი გარანტიები, არასრულწლოვანს შეუქმნიდა ნაკლებად სტრესულ გარემოს და მაქსიმალურად გამორიცხავდა ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკებს.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის ამოქმედებამდე გენერალური პროკურორის ბრძანებით დამტკიცდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის დანაშაულის გამოძიების, საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის ერთგვარ გზამკვლევს, თუ როგორ უნდა წარიმართოს თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებსა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს შორის.

საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვთა დაცვა სქესობრივი ძალადობისა და ექსპლუატაციისაგან, რომლის წინააღმდეგაც უწყება განსაკუთრებულად მკაცრ პოლიტიკას ატარებს და საქართველოს პროკურატურის 2022-27 წლების სტრატეგიაში, სპეციალური თავი – „ბავშვთა მიმართ სქესობრივი ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესება” მიეძღვნა.
საგამოძიებო და საპროკურორო პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონვენციებით დადგენილი საერთაშორისო პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვას. საქართველოს პროკურატურა შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას და ამავდროულად, სისხლის სამართლის პროცესი წარიმართება დაზარალებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს პროკურატურა აქტიურად გამოიყენებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის რესურსს არასრულწლოვანთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები