თბილისში პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი ტარდება

12 ივლისს, სასტუმრო „ბილტმორში“, პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი ტარდება, სადაც 1000-ზე მეტი აქტიური ვაკანსია იქნება წარმოდგენილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება 11:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება, 12:00-დან 16:00 საათამდე კი სამუშაოს მაძიებელთა და პოტენციური დამსაქმებელთა შეხვედრები გაიმართება.

მათივე ცნობით, ფორუმის ორგანიზატორები არიან: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია.

ღონისძიებაში 80-ზე მეტი კერძო კომპანიის, მათ შორის ბანკების, კლინიკების, მომსახურების სფეროში მომუშავე, ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შესაბამისად, პროფესიული განათლების მქონე, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს და ადგილზე, პირადად გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს.

ფორუმზე ასევე მოწვეულები არიან კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო თუ სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულები. აღსანიშნავია, რომ მათი დიდი ნაწილი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სპეციალურ პროგრამებზე სწავლობდა.

„დარწმუნებული ვართ, დასაქმების ფორუმი, ერთის მხრივ, გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას და მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს დამსაქმებლებსა და კურსდამთავრებულთა საერთო ინტერესების იდენტიფიცირებას, ასევე დასაქმების მაჩვენებლის ზრდას“, – აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები