ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა ქვეყანას, ძალოვანი უწყებების მინისტრის თანამდებობაზე, აი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ იმ დროსაც, ჩვენი ჯარის მიმართ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, – ასე ეხმიანება თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას.
მისი თქმით, ბარამიძის განცხადება უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივია.
“ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა ქვეყანას, ძალოვანი უწყებების მინისტრის თანამდებობაზე, აი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ იმ დროსაც, ჩვენი ჯარის მიმართ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში. ჩვენი ჯარის მიმართ მათი დისკრედიტაციის მცდელობა იგრძნობა და არის მიზანმიმართული, რომ დააკნინონ ისეთი რეპუტაციული ინსტიტუცია, როგორიც არის საქართველოს ჯარი,” – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „ამერიკას ლანძღავენ და ეუბნებიან, გინდათ, საქართველო ომში ჩაერთოსო, დავუშვათ, ჩაერთო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება, რომ იტყვიან, მკვდარი მკვდარს აეკიდაო. ვის რაში სჭირდება ქართული ჯარი?! მოღალატეების ხელში დაძაბუნებულმა ქართულმა ჯარმა რა უნდა გააკეთოს!“