უკრაინაში 7 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგულად მიიჩნევა, – განუცხადა Suspіlna-ს განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების კომისარმა, ოლეგ კოტენკომ.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობას 2 ათასზე აფასებენ, კომისიის ოფისმა დაახლოებით 7200 ჯარისკაცის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
“თუ ჩვენ სამხედროებზე ვსაუბრობთ, გვესმის, ხომ, ვინ არიან ისინი. არის უკრაინის შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – სხვადასხვა ინსტიტუტია და ისინი არ შედიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოცემულ რიცხვში“, – განმარტა კოტენკომ და დასძინა, რომ, “მაგალითად, “აზოვის” პოლკი არის ეროვნული გვარდია და იქაც არიან დაკარგულები. “აზოვსტალიდან” გასვლის შემდეგ, ისინი ნათესავებთან კავშირზე არ გასულან”.
კოტენკოს ვარაუდით, დაკარგულთაგან უმეტესობა, სავარაუდოდ, ტყვეობაშია, “უგზო-უკვლოდ დაკარგულებად კი იმიტომ მიიჩნევიან, რომ კავშირზე არ გადიან, შესაბამისად, არც სამხედროების გაცვლის სიებში არიან შეყვანილი”.