ირაკლი ქადაგიშვილი – გიორგი ბარამიძეზე: ჩვენი ჯარი საამაყოა, ასეთი დამოკიდებულება ამ პოლიტიკოსის და მისი პოლიტიკური ძალის მორალური დაცემის ხარისხს აჩვენებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ჯართან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქართული ჯარი საამაყოა.

“ისე, როგორც არასდროს, დღეს ქართული ჯარი არის თავისი შესაძლებლობებით, თავისი სტანდარტებით მიახლოებული ნატო-ს სტანდარტებს, მაღალი ბრძოლისუნარიანობით. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარი არის საამაყო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი შეფასება და დამოკიდებულება აჩვენებს სწორედ ამ პოლიტიკოსის და მისი პოლიტიკური ძალის მორალურ დაშვებას და მორალური დაცემის ხარისხს. ეს სიტყვები, პირველ ყოვლისა, არის მათი თვითლუსტრაცია და ეს ვერ დააგდებს ჩვენი ჯარის ბრძოლისუნარიანობას”, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, ბარამიძემ განაცხადა: “დავუშვათ ჩაერთო საქართველო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი? მკვდარი მკვდარს აეკიდაო”. მისივე თქმით, ქართული ჯარი ვერ იომებს, როდესაც მას ჰყავს მოღალატე ხელისუფლება, რომელიც ანგრევს მთლიანად საქართველოს თავდაცვის სისტემას პუტინის გეგმის შესაბამისად. გიორგი ბარამიძის განცხადებითვე, “რაც უნდა კარგი ჯარისკაცები გვყავდეს და ასეთი, მადლობა ღმერთს, უამრავი გვყავს, ეს რეჟიმი, ეს ხელისუფლება მას წინასწარ წირავს დასამარცხებლად”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები