კულტურის სამინისტრო ფოლკლორულ ანსამბლ „შგარიდას“ 20 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ანსამბლ „შგარიდას“ წევრებსა და ხელმძღვანელობას 20 წლის იუბილეს და ინფორმაციას ავრცელებს.
„ანსამბლი „შგარიდა“, 2002 წელს, დმანისში სვანეთიდან სტიქიური უბედურების შედეგად ჩასახლებული პირების ინიციატივითა და ლოტბარ გურგენ გურჩიანის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ანსამბლის შექმნის მიზანი იყო მივიწყებული სვანური მუსიკალურ-ფოლკლორული ნიმუშების მოძიება, აღდგენა, დამუშავება და საზოგადოებისთვის წარდგენა. ანსამბლისთვის „შგარიდას“ დარქმევა კი ანზორ ერქომაიშვილთან ერთად კონსულტაციის შედეგად გადაწყდა.
მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ცხოვრების პერიოდში, გურგენ გურჩიანმა მეოცე საუკუნის 80-იან წლებში საკუთარი ინიციატივით დაიწყო სვანური მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშების ძიება და ჩაწერა. ექსპედიციური წესით მოიარა ზემო სვანეთის ყველა სოფელი, შეხვდა მოხუც ეთნოფორებს, რომელთაც ჯერ კიდევ ახსოვდათ ფაქტობრივად მივიწყებული სიმღერა-საგალობლები. მათგან ერთ ხმაში ჩაწერა 20-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის სიმღერა. დმანისში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ კი მან ქვემო ქართლში თითქმის ყველა სვანური დასახლება მოიარა და 10-მდე სიმღერის ჩაწერა მოახერხა.
მოპოვებული მასალების გაცოცხლებისა და საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, გურგენ გურჩიანმა 2002 წელს ქალაქ დმანისში სვანი ეკომიგრანტებისაგან შექმნა ფოლკლორული ანსამბლი „შგარიდა“.
დღეისათვის ანსამბლის რეპერტუარში 40-ზე მეტი აღდგენილი, უმეტესად – რელიგიურ-სარიტუალო ჟანრის სიმღერაა, რაც უდიდესი წვლილია სვანური და ზოგადად, ქართული ფოლკლორის განვითარების საქმეში. ანსამბლის რეპერტუარში განსაკუთრებით გამორჩეულია ღმერთის სადიდებელი ჰიმნი ,,კვირია“, სარიტუალო სიმღერა ,,ადრეკილა“, ,,იავ ქალთი – ქალთიდ“, ,,მირმინქელა“ და სხვა ნიმუშები, რომლებიც მუსიკალური ფოლკლორის შედევრებს წარმოადგენენ.
ანსამბლი აქტიურად მუშაობს მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალის მრავალმხრივ კვლევაზე და, შედეგად, ამ ფოლკლორული ნიმუშების სოციალური დანიშნულების განსაზღვრაზე.
არსებობის 20 წლის მანძილზე, ანსამბლს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კულტურულ ღონისძიებაში, ფესტივალსა თუ კონკურსში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები