კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს
კანადის ხელისუფლება მზადაა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს. შეზღუდვები რუსეთის ფედერაციის სამრეწველო კომპლექსს შეეხება. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხება სახმელეთო და მილსადენების ტრანსპორტირებას, ლითონების, მანქანების, კომპიუტერების, ელექტრონული, ელექტრო და მანქანათმშენებლობის ტექნიკის წარმოებას.
„როგორც კი ეს შეზღუდვები ძალაში შევა, კანადურ კომპანიებს ექნებათ 60 დღე, რათა დაასრულონ კონტრაქტები სამიზნე ინდუსტრიებთან”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის პრესსამსახურმა.
ახალი ანტირუსული სანქციების შემოღების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.