ნინო წილოსანი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორობის საკითხებზე და გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის მიხედვით, საქართველოში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამოქმედო გეგმებსა და მიმდინარე საქმიანობაზე.
განიხილეს ასევე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. „ვისაუბრეთ ქალების ჩართულობაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, 1325 – გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, რომლის მიხედვითაც როგორც თავდაცვის სამინისტრო, ასევე ჩვენ, გენდერული თანასწორობის საბჭო, ვხელმძღვანელობთ. ჩვენს სამოქმედო გეგმაში გარკვეული აქტივობები სწორედ აღნიშნული რეზოლუციის მიხედვით არის გათვალისწინებული, ამავდროულად, ჩვენი საბჭოს წევრი, თეონა აქუბარდია აქტიურად არის ჩართული ახალი ქმედებების და აქტივობების იდენტიფიცირებაში.
დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ერთად დავსახეთ სამომავლო გეგმები, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ერთად, უფრო აქტიურად იმუშავებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის შესრულებაზე”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.