ზელენსკი ჯონსონს: მადლიერები ვართ უკომპრომისო დახმარებისთვის – ჩვენ სამუდამოდ ნამდვილ მეგობრებად და ძლიერ მოკავშირეებად დავრჩებით
ჩვენ სამუდამოდ ნამდვილ მეგობრებად და ძლიერ მოკავშირეებად დავრჩებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს.
უკრაინის ლიდერი ბორის ჯონსონს საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების დაცვისთვის მადლობას უხდის.
„მეგობარო ბორის ჯონსონ, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თქვენი გადადგომით ყველა უკრაინელი დამწუხრდა. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვართ იმ გადამწყვეტი და უკომპრომისო დახმარებისთვის, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან გაგვიწიეთ. განსაკუთრებული მადლობა თქვენი ლიდერობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების დაცვაში. ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ სამუდამოდ ნამდვილ მეგობრებად და ძლიერ მოკავშირეებად დავრჩებით“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა.