თენგიზ ცერცვაძე: ჩემი ვარაუდით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა პიკს შემოდგომაზე მიაღწევს – ვაქცინაციის პროცესი უნდა გავააქტიუროთ
“კორონავირუსის შემთხვევების ზრდა პიკს, ჩემი ვარაუდით, შემოდგომაზე მიაღწევს, მაგრამ ჩვენ არ ველოდებით ისეთ დრამატულ მატებას, როგორიც, ვთქვათ, წლის დასაწყისში იყო”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს.
“მთელ მსოფლიოში ბოლო პერიოდში ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების მკვეთრი ზრდა აღინიშნება. საქართველოში განსხვავებული სიტუაციაა. სამწუხაროდ, ახალი შემთხვევების ზრდა ჩვენთანაც ფიქსირდება, მაგრამ ჩვენთან გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად, ნულოვან ნიშნულზე.
შემთხვევების ზრდა პიკს, ჩემი ვარაუდით, შემოდგომაზე მიაღწევს, მაგრამ ჩვენ არ ველოდებით ისეთ დრამატულ მატებას, როგორიც, ვთქვათ, წლის დასაწყისში იყო. ვაქცინაციის პროცესი უნდა გავააქტიუროთ. სასურველია, რომ მოსახლეობამ პირბადე ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებსა და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში გამოვიყენოთ. მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენები მასიურად ვაქცინაციას და პირბადეების ტარებას დაიწყებენ. ეს, დიდი ალბათობით, არ მოხდება. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, ასაკისგან დამოუკიდებლად, ვინც შეამჩნევს, რომ რაღაც რესპირაციული სიმპტომები აქვს, მაგალითად, ყელის ტკივილი, ხველა, სურდო, თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, იმავე დღეს, ან მაქსიმუმ მეორე დღეს კოვიდზე ტესტი გაიკეთეთ. ეს არის უფასო. კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, თქვენს ოჯახის ექიმთან ან ონლაინ კლინიკის ექიმთან კომუნიკაციაში შედით. თუ ჩვენებები არ გაქვთ – იოლად გადაიტანთ, მაგრამ თუ არის ჩვენებები, რომელმაც შეიძლება, დამძიმება გამოიწვიოს, თქვენ “პაქსლოვიდს” მოგცემენ და თქვენ გარანტირებული იქნებით, რომ საავადმყოფოში არ მოხვდებით და, მით უმეტეს, ლეტალური შედეგი არ დადგება”, – განაცხადა ცერცვაძემ.