კულტურის კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა პრეზენტაცია გამართა
პარლამენტის კულტურის კომიტეტთან არსებულმა თემატურმა ჯგუფმა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე საფორთიფიკაციო ნაგებობების კონსერვაცია/რესტავრაცია და ფუნქციური რევიტალიზაციასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა.
თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველ სამუშაო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში, ხერთვისის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ მიმართა, რომელმაც მოკვლევის თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველო უხვი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა. მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლები, კულტურული ლანდშაფტი, ისტორიული დასახლებები, საკულტო დანიშნულების ადგილები თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები ქვეყნის ისტორიას ქმნის და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კაცობრიობის სულიერი საგანძურის ფორმირებაში.
სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში აგებული, საფორტიფიკაციო დანიშნულების ციხე-კოშკები დღეს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია, რაც, საუკუნეების მანძილზე ქვეყნისა თუ ცალკეული რეგიონების პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას წარმოაჩენდა. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული და ორგანულად იყო ჩართული ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონის, კუთხის, სოფლისა თუ კონკრეტული დასახლების დაცვის სისტემაში. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ციხეების უმეტესობა ნანგრევებად არის ქცეული, თუმცა ისინი უდიდეს ისტორიულ მეხსიერებასა და ღირებულებას ინახავს”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოში 1000-მდე საფორტიფიკაციო ობიექტია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. რამდენიმე ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს. მისი თქმით, თითქმის ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე, ნებისმიერი ტიპის ქმედება, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონისა”, და ძეგლთა დაცვითი მიდგომებით განხორციელდეს. „საფორტიფიკაციო ნაგებობების ერთგვარი „სირთულე” მათი მდგომარეობის კომპლექსური შესწავლაა. ფუნქცია დაკარგულმა ნაგებობებმა, ძირითადად, ნანგრევების სახით მოაღწია და საუკუნეების მანძილზე დაზიანებული ციხეები დღეს კიდევ უფრო ინგრევა. საუკეთესო შემთხვევაში ხდება მათი რესტავრაცია, მაგრამ თითქმის ვერ ხერხდება მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, რაც ჩვენს ისტორიას თვალსა და ხელს შუა აქრობს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საფორტიფიკაციო ძეგლების აღდგენა-გადარჩენაში აქტიურად ჩაერთოს და სახელმწიფოს კერძო სექტორიც დაეხმაროს”, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-რევიტალიზაციის პროცესში ევროპული გამოცდილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვასა და მათი ავთენტურობის შენარჩუნების კუთხით ევროპაში მეტი გამოცდილებაა. „ვიმედოვნებ, რომ კულტურის კომიტეტის მიერ თემატური მოკვლევის ფარგლებში გაწეული რეკომენდაციები დაეხმარება სახელმწიფოს და კერძო სექტორს სწორი პოლიტიკის გატარებაში კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. შემუშავდება მართვის მოდელი, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს საქართველოში არსებული მსგავსი ნაგებობების შენარჩუნების და ასევე მათი სხვა დანიშნულებით დატვირთვის შესაძლებლობებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღდგენილი ციხე-კოშკები გახდება ახალი ტურისტული მარშრუტი და ხელს შეუწყობს მომავალი თაობების დაინტერესებას საქართველოს ისტორიით”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.