საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესპანეთის სამეფოს კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით მყოფ ესპანეთის სამეფოს კონგრესის (ქვედა პალატის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს პაუ მარი-კლოსეს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე ისაუბრეს. ფრაქციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, იმ გზაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ადგას, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მსჯელობა არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც 12 პუნქტიან გეგმაშია ასახული, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობთ, რომ მათი რეკომენდაციების გაზიარება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ხელს შეუწყობს. სტუმრებს გავაცანით, მათ შორის, ის პრობლემები, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობებში არსებობს. მათი სურვილი იყო, რომ ჩვენ მაქსიმალური გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან და ერთად დავძლიოთ 12 პუნქტიანი გეგმა”, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: პოლიტიკური ჯგუფის „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი და უფრაქციო პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი.