„დავით სერგეენკოს ინციატივა დაგვიანებულია, მაგრამ აუცილებელია“

  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ახალ ინიციატივას ექიმების გადამზადების შესახებ პროფესორი ქეთევან ნემსაძე ეხმაურება. როგორც „კვირას“ ნემსაძემ განუცხადა, მინისტრის ინიციატივა დაგვიანებულია, თუმცა აუცილებელი.
„მინისტრ დავით სეერგეენკოს ინიციატივა დაგვიანებულია, მაგრამ აუცილებელია. მინისტრი იმიტომ მივიდა ექიმების პროფესიონალური გადამზადების დასკვნამდე, რომ სწორედ თავად გაიარა ექიმობიდან მინისტრობამდე გზა “, – ამბობს პროფესორი.
მისივე თქმით, სერგეენკოს ინიციატივა მხოლოდ ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებას არ გულისხმობს, არამედ ის პაციენტის უფლებების დაცვასაც ემსახურება.
„პირველი – ექიმებისთვის განათლების სისტემის აღდგენაა, უპირველეს ყოვლისა, პაციენტებზე ზრუნვისთვის. პაციენტის უფლებაა, დაცული იყოს არასწორი მკურნალობისგან. მეორე – ექიმების მდგომარეობა დღევანდელ საქართველოში არასახარბიელოა. ხელფასი დაბალია, სამედიცინო ქსელი მთლიანად გაყიდული და პრივატიზებული, რაც ბევრს არასწორად მიაჩნია, მაგრამ მე პირადად კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას“,- აცხადებს ქეთევან ნემსაძე და ამის მიზეზსაც განმარტავს.
„დღეს საქართველოში არ არსებობს დიდი საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც ჯერ კიდევ გადარჩენილი ინტელექტუალური ძალები იქნებიან თავმოყრილი, რომლებიც ექიმთა გადამზადების პროგრამას შექმნიან. დღეს არსებული საუნივერსიტეტო კლინიკა პროვოკაციაა… საუნივერსიტეტო კლინიკა ყველა დაწესებულების მულტიპროფილური კლინიკაა. მაგალითისთვის, საუნივერსიტეტო კლინიკაში თავმოყრილი უნდა იყოს – ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფო, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფო, ტრავმატოლოგიის ცენტრი, გულსისხლხძარღვთა კლინიკა და ასე შემდეგ.. მედიცინაში ყველა დარგის მულტიპროფილური ექიმების ერთობლიობა აუცილებელია. ეს ყველაფერი ერთ დიდ შენობაში უნდა იყოს თავმოყრილი. უნდა შეიქნას საქართველოსთვის ისეთი საჭირი პროგრამები, რომლებიც საერთაშორისო ფაქტებზე დამყარებული მედიცინით იქნება გაჯერებული. ამასთანავე, ამ პროგრამებზე ძალიან მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს. ყველა პროფესორმა ექიმს უნდა ასწავლოს ის პროგრამა, რომელიც ფაქტებზე დამყარებული მედიცინა იქნება და ეს პროგრამა ყველაზე მაღალი შკალით, ანუ – “A 1” – ით უნდა იყოს განსაზღვრული. ამასთან, ექიმის გადამზადება სახელმწიფო თანადაფინანსებით უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა პროფესორმა ქეთევან ნემსაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინიციატივით, სამინისტრო მედიკოსების რესერტიფიცირებას. სერგეენკოს განცხადებით, პროგრამის მიზანი პაციენტებისთვის მეტი გარანტიების შექმნაა.
„რაც შეეხება საკითხს, რესერტიფიცირება ფასიანი იქნება თუ უფასო, ეს საკმაოდ ვრცელი და ლეგიტიმური კითხვაა, რადგან ექიმების უმეტესობისთვის თუნდაც მინიმალური გადასახადი, ტესტების თვითღირებულებაც კი მნიშვნელოვანი თანხაა, ამიტომ ვეცდებით, რომ ეს თანხა მინიმალური იყოს, თუნდაც პირველი ეტაპის რესერტიფიცირებისთვის. ვეცდები, რომ ჩემი კოლეგების ჯიბეს მინიმალურად შეეხოს ეს გამოცდები. ზუსტ ციფრებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ამ სისტემის აღდგენა ექიმების კისერზე არ გადავიდეს. მინდა ყველამ სწორად გაიგოს, რესერტიფიცირების პროგრამის ამოქმედება არ არის მიმართული ჩვენი კოლეგებისგან თანხის ამოსაღებად, ამ პროგრამის მიზანია პაციენტებისთვის მეტი გარანტიების შექმნა და მომსახურების გაუმჯობესება“, – აცხადებს დავით სერგეენკო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები