წავა თუ არა პუტინი ბუდაპეშტში ტრამპთან შესახვედრად – ბულგარეთი საჰაერო დერეფნის გასახსნელად მზადაა
ბულგარეთი აცხადებს, რომ მზადაა უზრუნველყოს საჰაერო დერეფანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავისთვის, რომელიც შესაძლოა ბუდაპეშტში, აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩაფრინდეს.
აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გეორგი გეორგიევმა, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„თუ მიზანი არის მშვიდობისკენ ნაბიჯის გადადგმა და ამ პროცესში ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა ითვლება მნიშვნელოვან ეტაპად, ბუნებრივია, რომ ყველა მხარემ უნდა შეუწყოს ხელი მის გამართვას,“ – თქვა გეორგიევმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი იმოქმედებს საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად და უზრუნველყოფს უსაფრთხო დერეფანს, მხოლოდ ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში. ამ დროისთვის, მისი თქმით, მოსკოვიდან ოფიციალური თხოვნა დერეფანის გამოყენებაზე ჯერ არ შესულა.
ექსპერტების შეფასებით, ბულგარეთის საჰაერო სივრცის გამოყენება ერთ-ერთ ყველაზე რეალისტურ მარშრუტად მიიჩნევა, რადგან რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს ევროკავშირის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცის გადაკვეთა ეკრძალება.
ევროკავშირში საკითხმა განსხვავებული რეაქცია გამოიწვია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯი ხელს შეუწყობს დიპლომატიურ პროცესებსა და დიალოგს, ხოლო სხვები შიშობენ, რომ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ევროკავშირის სანქციურ პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მოვიდეს.
პუტინისა და ტრამპის სავარაუდო შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბუდაპეშტში დიპლომატიური მზადება უკვე დაწყებულია.