საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგები ტარდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენელი ალექსანდრე დარასი და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენელი კრიშტოფ მიხალაკი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ტრენინგის დაწყების ღონისძიებას დაესწრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ღონისძიებაზე განაცხადა, აღნიშნული ტრენინგები დაგვეხმარება, ევროპელი ექსპერტებისგან სიღრმისეულად გავიგოთ, როგორ მუშაობს ევროკავშირის ქვეყნებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ დირექტივა და შევძლოთ, აღსრულების სისტემა მაქსიმალურად მივუახლოოთ ევროპულს.
„გასულ წელს, მივიღეთ ახალი კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებს ეხება და პირდაპირ კავშირშია გარემოსდაცვითი მმართველობის და აღსრულების სისტემის გაუმჯობესებასთან. უკვე ვიწყებთ მის პრაქტიკაში აღსრულებას, რომელიც არის საკმაოდ რთული პროცესი, ახალი და ინოვაციური ჩვენი ქვეყნისთვის. კანონი ორიენტირებულია გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და აღდგენაზე და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე. ეს არის სისტემური ცვლილება გარემოსდაცვით სფეროში და, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლონ ის ევროპული პრაქტიკა, რაც უკვე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
ტრენინგი „გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის აღდგენითი ღონისძიებების განსაზღვრა და შეფასება და აღდგენის გეგმის მომზადება“ EU4Environment პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მხარდაჭერით ტარდება. ტრენინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ის თანამშრომლები ესწრებიან, ვინც უშუალოდ იქნება ჩართული კანონის აღსრულების ნაწილში.
სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემას, განხილული იქნება გარემოს აღდგენის ტექნოლოგიები და გარემოსდაცვითი პრობლემების დაძლევის სხვადასხვა სტრატეგია დეგრადირებულ ურბანულ, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ლანდშაფტებთან მიმართებაში. თეორიულ სწავლებასთან ერთად, განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, ჩატარდება საველე სწავლება.
საქართველომ, 2021 წელს, მიიღო კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად. კანონი მიზნად ისახავს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის დანერგვას, რომელიც ეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის პრინციპს“ და რომლის მიზანიც არის გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენცია, აღმოფხვრა/შერბილება და აღდგენა.
კანონის საფუძველზე, შექმნილია გარემოსდაცვითი ზიანის პროგრამა, რომლის მიზანია ზიანის პრევენცია, გარემოს მდგომარეობის აღდგენა, ასევე ისტორიულად დაზიანებული გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება, გარემოს კვლევა. აღნიშნული კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებებია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (გზდ) და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.