უზბეკეთში არეულობისას, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა
უზბეკეთის შემადგენლობაში შემავალი, ყარაყალპაკის რესპუბლიკის ქალაქ ნუკუსში 1-2 ივლისს არეულობის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, 243 დაშავდა, მათ შორის – 38 სამართალდამცველი.
როგორც ბრიფინგზე ეროვნული გვარდიისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საავადმყოფოებში 94 ადამიანი რჩება, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
ასევე, 1-2 ივლისს აქციაზე 516 პირი დააკავეს, მათი ნაწილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, ნაწილს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და ისინი გაათავისუფლეს.
გარდა ამისა, 3-4 ივლისის ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის, რომელიც 21:00 საათიდან – 07:00 საათამდე მოქმედებს, 110 პირი დააკავეს.
ქალაქ ნუკუსში უზბეკეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მცდელობის გამო, 1-ელ ივლისს აქცია გაიმართა. ქვეყნის შსს-მ 3 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდისთვის ყარაყალპაქსტანში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა, ასევე, ამავე პერიოდში რესპუბლიკაში ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს.
რაც შეეხება მოვლენებს, რომლებიც არეულობას უძღოდა, უზბეკეთის პრეზიდენტმა პარლამენტს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა შესთავაზა, რომელშიც რეგიონის სუვერენტიტეტი არ იქნებოდა ნახსენები.
2 ივლისს რესპუბლიკაში პრეზიდენტი, შავქათ მირზიოევი ჩავიდა და ადგილობრივებს ჩანაწერის და გამოყოფის უფლების შენარჩუნება შესთავაზა. პარლამენტის ქვედა პალატამ ჩანაწერის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი.
ყარაყალპაკის რესპუბლიკა, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანია, უზბეკეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და ქვეყნის უდიდესი რეგიონია და მისი ტერიტორიის, დაახლოებით, 40%-ს იკავებს. 1990-იან წლებში ხელი მოეწერა სუვერენული რესპუბლიკის სტატუსში უზბეკეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, ამასთან, რეგიონი ინარჩუნებდა ამ შემადგენლობიდან გასვლის უფლებას და ორი ენის შენარჩუნებას – ყარაყალპაკურისა და უზბეკურის.