რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინის წინააღმდეგობა და ნატოს სამხედრო ალიანსის ერთიანობა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-ს განუცხადა.
„მან [პუტინმა] დიდი შეცდომა დაუშვა; სათანადოდ არ შეაფასა უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, უკრაინელი ხელმძღვანელობისა და უკრაინელი ხალხის გამბედაობა, ასევე მან ვერ შეაფასა ნატოს და პარტნიორების ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, ნატოს მადრიდის სამიტზე საუბრისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ პუტინმა ვერ მიაღწია მიზნებს, როდესაც საქმე ნატოს ალიანსის დასუსტებას ეხებოდა.
„ამ ომის დასაწყისში მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ მას ნაკლები ნატო სურდა. მან ფაქტობრივად შემოგვთავაზა ხელი მოგვეწერა შეთანხმებისთვის ნატოს შემდგომი გაფართოების შესახებ. ის, რასაც ახლა იღებს, არის მეტი ნატო და ნატოს ორი ახალი წევრი, მათ შორის ფინეთი, რომელსაც აქვს საზღვარი… რუსეთთან, გააორმაგებს ნატოს საზღვრებს რუსეთთან. ის რასაც ის აკეთებს უკრაინაში არის საერთაშორისო სამართლის სასტიკი დარღვევა. ეს არის ომი, რომელსაც მოჰყვა უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობა და უზარმაზარი დანაკარგები“, – განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა CNN-ს.
სტოლტენბერგის თქმით, მადრიდში ნატოს სამიტზე მიღწევები სამხედრო ალიანსის გამარჯვებაა.
„ნატოს გამარჯვებაა ის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობა და ცვლილების უნარი, ადაპტირება მაშინ, როცა სამყარო იცვლება. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ვხედავთ ძალის სასტიკ გამოყენებას ნატოს ახლო მეზობლის, ნატოს ახლო პარტნიორის მიმართ უკრაინაში, და სწორედ ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად გავძლიერდით და გავაძლიერებთ ჩვენს ყოფნას აღმოსავლეთ ნაწილში“, – განაცხადა ნატოს ხელმძღვანელმა.