გიორგი ცუცქირიძე: პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა მაისშიც გაგრძელდა
ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2 პროცენტით განისაზღვრა.
ცუცქირიძის თქმით, ზრდის მაღალი მაჩვენებელი, გლობალური გამოწვევების და, პირველ ყოვლისა, უკრაინის ომის ფონზეა მნიშვნელოვანი.
“2022 წლის მაისშიც გაგრძელდა პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა, და მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად, გასული წლის მაისში საკმაოდ მაღალ (25.8%-იანი) ზრდასთან მიმართებით, ეკონომიკურმა ზრდამ 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა, რაც ყველაზე მაღალია, როგორც რეგიონში, და ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოშიც თუ არ ჩავთვლით ე.წ ეგზოტიკური ქვეყნების ნაწილს(მალდივი, გიუანა, არუბა, ბოსტვანა)!
ზრდის მაღალი მაჩვენებელი, გლობალური გამოწვევების და პირველ რიგში უკრაინის ომის ფონზეა მნიშვნელოვანი. ნიშანდობლივია, რომ რეგიონში ჩვენ ვუსწრებთ როგორც სომხეთს(ზრდა 8.6 %) თურქეთს -7.3 %, და აზერბაიჯანსაც-6.6 %, ყაზახეთს-4.4 % რომლებიც არ არიან რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებული, ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი აქვს სლოვენიას -9.6 % და პოლონეთს-9.2 %, ისევე როგორც ევროკავშირის ზრდის მედიანურ 5.2 %-ნულ მაჩვენებელს, გლობალურ ეკონომიკებთან ჩვენ გვაქვს გაცილებით მაღალი ზრდა ვიდრე, ბოლო წლებში ზრდის წამყვან ეკონომიკას ჩინეთს-4.8 %. “- აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით, წლის პირველ 6 თვეში ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა იქნება.
“ამასთან, იანვარ-მაისის მაჩვენებლები მთლიანად თავსებადია მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის 0.5 პროცენტული პუნქტით მიმართულებით დაზუსტების და მსოფლიო ბანკის მიერ ივნისში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის, ფაქტობრივად, გაორმაგების და კვლავ ომამდელ ნიშნულამდე ზრდის გადაწყვეტილებასთან მიმართებით. დიდი ალბათობით წლის პირველ 6 თვეში ზრდის მაჩვენებელიც ორნიშნა იქნება!
ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად, უკრაინის ომის ნეგატიური ზეგავლენისა, 2022 წლის პირველ კვარტალში ასევე ძალიან მაღალი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რაც 4-ჯერ მეტად – 435.7 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს – 568.2 მლნ. აშშ. დოლარს მიაღწია და რაც ასევე პოზიტიურად ზემოქმედებს ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე.
მაისში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რაც გასული წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 25.3%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,930 ერთეულს გაუტოლდა, რაც 93.5 პროცენტით მეტია 2021 წლის მაისის თვის მონაცემზე.
2022 წლის მაისის ეკონომიკურ ზრდაში დარგობრივ ჭრილში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის, მომსახურების და მრეწველობის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
2022 წლის მაისში მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა: ტრანსპორტის და დასაწყობების, ენერგეტიკის, დამამუშავებელი მრეწველობის, განათლების, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების, მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და ინფორმაციის და კომუნიკაციის საქმიანობების სექტორებში.
გაჯანსაღების ტენდენციები მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტურიზმის სექტორში, კერძოდ, სარეკორდო იყო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე მაისში, რომელიც პანდემიამდე 2019 წლის მაისში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 96 პროცენტი შეადგინა და 259 მლნ აშშ დოლარი იყო .
2022 წლის მაისში 169.4 პროცენტით გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობაც და 505.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
ეკონომიკური ზრდის მეტად შთამბეჭდავ დინამიკას, რაც არა თუ რეგიონში არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მთელ რიგ ქვეყნებში უკრაინის ომის ზეგავლენის შედეგად, დაწყებული რეცესიული პროცესების ფონზე, განაპირობებს როგორც მთავრობის მიერ განხორციელებული ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი პროგრამები, ინვესტიციების მოზიდვის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყანაში შეუქცევად სტაბილიზაციასაც, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის მცდარ და ქვეყნისათვის დამაზიანებელი პოლიტიკის მთელ დედააზრს, რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებთან უპირობო მიერთებაზე, ანუ ფაქტობრივად, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების სრულ ჩაკეტვაზე, მაშინ როდესაც საერთაშორისო სანქციების მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყანა ისედაც მიერთებულია”, – წერს ცუცქირიძე.