ლაშა ხუციშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის 30-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა, სვენია შულცემ, რომელიც, გერმანულ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

გერმანული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლები, ქართული მხრიდან – ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

ფინანსთა მინისტრმა გერმანელ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის, გერმანიის მიერ გაწეული დახმარებისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა იმ როლზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში (ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, განათლება და სხვა) რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოება და სხვა გერმანული საფინანსო ინსტიტუტები ასრულებენ.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარებისა და იმ სტრუქტურული რეფორმების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ქვეყნის მთავრობა გეგმავს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, რაც გამოიწვია რუსეთის საომარმა მოქმედებებმა.

ორივე მხრიდან, განსაკუთრებით, ხაზი გაესვა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების მნიშვნელობას. ასევე, ენერგოეფექტურობის გაძლიერების კუთხით გერმანიისა და ზოგადად, ევროკავშირის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

თავის მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით საქართველო შეძლებს რეფორმების დღის წესრიგის შესრულებას და მტკიცედ გააგრძელებს სვლას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებაზე შეთანხმდნენ და აღნიშნეს, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები