დმიტრო კულება: „დიდი შვიდეულის“ სამიტმა მეტი სანქციებით უნდა უპასუხოს რუსეთს და უკრაინას მეტი მძიმე შეიარაღება გადმოსცეს
“7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, სანამ რუსული ფრთოსანი რაკეტა არ აფეთქდა მის სახლში. უკრაინა ბევრი თავდასხმის ქვეშ იმყოფება”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და დაშავებული ბავშვის ფოტო გამოაქვეყნა.
„დიდი შვიდეულის“ სამიტმა მეტი სანქციებით უნდა უპასუხოს რუსეთს და უკრაინას მეტი მძიმე შეიარაღება გადმოსცეს. რუსეთის ავადმყოფი იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს“, – განაცხადა კულებამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს კიევზე რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან 7 წლის გოგონა ამოიყვანეს.