აშშ დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით არამრგვალ მონეტას გამოუშვებს
ამერიკის შეერთებული შტატების ზარაფხანა (U.S. Mint) ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით “თავისუფლების ზარის” ფორმის საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს,- ამის შესახებ ზარაფხანის პრესსამსახურმა განაცხადა.
ეს იქნება აშშ-ის უახლეს ისტორიაში პირველი არამრგვალი მონეტები.
ახალი სერიის ფარგლებში გაიყიდება ორი ოქროს მონეტა და ერთი ვერცხლის მედალი, რომელთა ტირაჟიც თითოეული 2 026 ეგზემპლარით იქნება შეზღუდული. მონეტები 2026 წლის 16 ივლისიდან გახდება ხელმისაწვდომი და ისინი ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს ეძღვნება.
მონეტების დიზაინი შთაგონებულია ფილადელფიაში მდებარე ისტორიული „თავისუფლების ზარით“ (Liberty Bell), რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევა.
მედიის თანახმად, სამახსოვრო მონეტების გამოშვება შეერთებულ შტატებში დიდი ხნის ტრადიციაა. ისტორიაში ყველაზე პოპულარული მონეტა იყო თავისუფლების ქანდაკების მონეტა, რომელიც 1986 წელს გამოვიდა და თითქმის 15.5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ასევე წარმატებული იყო ჯორჯ ვაშინგტონის 250-ე დაბადების დღის, 1984 წლის ლოს-ანჯელესში გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისა და აშშ-ის კონსტიტუციის ორასი წლისთავისადმი მიძღვნილი გამოცემები.