გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ტილო და ფუნჯი მოითხოვა – ტამა პაპკოვა-კაპანაძეს ხვალ საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ

გერმანიაში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდებული ქართველი ქალბატონი ტამა პოპკოვა-კაპანაძე, გამოჩენილი მხატვრის ზურაბ კაპანაძის მეუღლე, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლები ბერლინში, შვილისა და შვილიშვილის მზრუნველობით გარემოცულმა გაატარა.
მას ხვალ მეუღლის გვერდით საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ. ქალბატონი ტამა ათწლეულების განმავლობაში ემსახურა საბიბლიოთეკო სფეროს, ჯერ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ კი – საქართველოს ტექნიკურ ბიბლიოთეკაში.
ქალბატონმა ტამამ სიცოცხლის მიწურულს ხატვა დაიწყო და ასობით ფერწერული სურათი შექმნა ბერლინში, სადაც მისი გამოფენები რამდენჯერმე გაიმართა.
მახსოვს, შარშან დაბადების დღე სტატიით რომ მივულოცე, როგორ ესიამოვნა – ზურაბ კაპანაძის გამო, თორემ აბა, მე ვის გავახსენდებოდი, ზურაბი სიცოცხლეში ხომ იყო ჩემი დიდი ქომაგი და ახლა იმ ქვეყნიდანაც მპატრონობსო, – ასე მითხრა სატელეფონო საუბარში.
ქალბატონ ტამას გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მისმა შვილმა, მხატვარმა სოფო კაპანაძემ დამირეკა და მითხრა, დედაჩემის დაჟინებული სურვილია, რომ რამდენიმე მისი სურათი გავაჩუქო იმ ადამიანებზე, რომლებსაც გულწრფელად მოსწონთ ისინიო. თურმე, მეც აღმოვჩნდი დამფასებელთა ამ სიაში და ერთ კვირაში ბერლინიდან მივიღე მცირე ზომის ფერწერული ტილო – „ძაღლის მზერა”, მართლაც დაუვიწყარი სურათი… ძაღლის თვალებში უმწეობასთან ერთად ნუგეშს და სიცოცხლის საზრისსაც რომ ამოიკითხავთ. ძალიან მარტივად, თითქოს ერთი ამოსუნთქვით შექმნილი ტილოა, ფიროსმანის ცხოველების სინატიფეს და სიანკარეს რომ გაგახსენებს.
გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ქალბატონ ტამას ტილო და ფუნჯი მოუთხოვია შვილისთვის და ასე დაიბადა მისი „ლურჯი ნატურმორტი”, რომელიც ახლა ძალიან სიმბოლურად ჟღერს! ეს არის სულის აბსოლუტურად კოსმიური გასხივოსნება!  ნატურმორტით კოსმოსი გააცოცხლო, მართლაც ღვთიური ნიჭია, რაც უდავოდ ატყვია მხატვრის ფინალურ ტილოს, მისი გედის სიმღერას.
სულ თბილისის და აქაური მეგობრების ნატრული იყო, შეიძლება ითქვას, რომ გარდაცვლილ ახლობელთა ლანდებთან ლაციცში გაილია მისი ბოლო დღეები და უკანასკნელი ამოსუნთქვაც… ბედნიერია მისი სული, რომ ამიერიდან სანუკვარი თბილისის მიწა გადაიქცევა მის მცველად.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები