მამუკა მდინარაძე: ჩვენ დავდივართ ბეწვის ხიდზე, სადაც ცდილობენ გვეჭიდაონ და გადაგვაგდონ, რათა უფსკრულში გადავიჩეხოთ, მაგრამ ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს

„შეიძლება ამ მდგომარეობას დავარქვათ ჭიდაობა ბეწვის ხიდზე, ოღონდ აკრძალული მეთოდებით გარკვეული წრეების მხრიდან ქვეყნის შიგნით თუ სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთაც. რატომ გახდა მათი მხრიდან ჭიდაობა საჭირო იმ რთულ მდგომარეობაში, როდესაც გამოწვევაა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და ამავდროულად, ევროპული პერსპექტივის უზრუნველყოფა. ზუსტად იმის უზრუნველყოფა, რაც ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა კომისიის დასკვნაში ჩაგვიწერეს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

მისი თქმით, ერთი მხრივ არის „ქართული ოცნება“, რომელიც ცდილობს საქართველოს ევროპული მომავლის ამავდროულად, მშვიდობის და განვითარების უზრუნველყოფას, რომელმაც წინა წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ევროპული მიმართულებით ყველა წარმატება მის ანგარიშზეა და შეუძლია ამის მიღწევა – ასოცირების ხელშეკრულებით, ვიზა-ლიბერალიზაციით, კონსტიტუციაში ჩანაწერით და მეორე მხრივ, ამ ჭიდაობაში, ამ სამწუხარო რეალობაში, მონაწილეობას იღებს ყველაზე ანტიევროპული ძალა საქართველოს ისტორიაში, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას, მართავდა ომით, ძალადობით, ღირსების აყრით, მართავდა შეურაცხყოფით და ის ძალა, რომელიც ცდილობს სხვას დააბრალოს პრორუსულობა და რომელმაც 2011 წელს ოკუპანტი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი, რომლებმაც ომის შემდგომ შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთთან, რომელიც დღესაც ევროკავშირის დროშას ამოფარებული პრაქტიკულად, აკეთებს რუსულ საქმეს.

„ომი დაიწყო თუ არა უკრაინაში, პარალელურ რეჟიმში, საინფორმაციო ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ.  და ყველაზე მთავარი, ევროკომისიის დასკვნამდე რამდენიმე დღით ადრე იდენტიფიცირებულმა ლობისტებმა დაარეგისტრირეს ევროპარლამენტში ჯერ დებატები, რომელსაც შედეგად რეზოლუცია მოჰყვა, სადაც ეწერა ყველაფერი ის, რაც საქართველოს კონკრეტულად ამ დღეებში, არაფრით აწყობდა. ეს იყო საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის დამაზიანებელი რამ. ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ლობისტმა დაარეგისტრირა კონკრეტული რეზოლუცია, რომელმაც დააზიანა საქართველოს ინტერესი. ჩვენ დავდივართ ბეწვის ხიდზე, სადაც ეს ადამიანები ცდილობენ გვეჭიდაონ და გადაგვაგდონ, რომ უფსკრულში გადავიჩეხოთ, მაგრამ ეს ასე არ მოხდება, რადგან ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს და ამ პატრონს ჰქვია საზოგადოების და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც მთავრობას უდგას სათავეში და ამ პრაგმატული პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს ასეთი პასუხისმგებლობით, სამშობლოს სიყვარულით, ეროვნული სულისკვეთებიდან და ევროპული პერსპექტივის იდეიდან გამომდინარე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები