კულტურის სამინისტრომ ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი – „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ გამოაცხადა.
„კონკურსის მიზანია ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარება, წარმოჩენა და მათი კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, კულტურის პროდუქტის შექმნა და მასზე დისტანციური ხელმისაწვდომობა. კონკურსის ბიუჯეტია 120 000 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.
ინფორმაციისთვის, 2021 წელს კონკურსის „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ ბიუჯეტი იყო 97 055 ლარი. კონკურსის ფარგლებში სამინისტროში შემოვიდა 20 საკონკურსო განაცხადი, მათგან გამოვლინდა 4 გამარჯვებული პროექტი. პროექტების ფარგლებში მონაწილე და დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 137 ადამიანს, მათ შორის იყო 66 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
2021 წელს კონკურსის ფარგლებში შემდეგი პროექტები განხორციელდა:
1) სპექტაკლი „ჭკუისა მჭირს“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ „შშმ და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდი ართ ჰოლი+“;
2) სპექტაკლი „შერეკილები“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის“;
3) „თანამედროვე ქართველი კომპოზიტორები პარაორკესტრთან ერთად 3 დეკემბრისთვის“ განმახორციელებელი – ა(ა)იპ „მშობელთა ხიდი“;
4) ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის სპექტაკლი „ახალი თამაში“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ „ნიკე – თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის“.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 21 ივნისიდან 2021 წლის 30 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა). კონკურსის შესახებ კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე – 577 470 691 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 13 ივლისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/bKkDl2T