ახალგაზრდებში არქეოლოგიის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი –  „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“.
„კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 20 000 ლარს და მისი მიზანია ახალგაზრდა თაობაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია; არქეოლოგიური კვლევა-ძიების თანამედროვე მეთოდოლოგიისა და აქტუალური პროცესების ხელშეწყობა; საველე-არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელების გზით, ახალგაზრდებში პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
კონკურსის მთავარი მიზანია, არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა, გამოცდილ არქეოლოგებთან ერთად აწარმოონ გათხრები, მოიპოვონ არქეოლოგიური მასალები და დაამუშაონ ისინი შესაბამისი წესით, რაც ხელს შეუწყობს არქეოლოგთა მომავალი თაობების ჩამოყალიბებას.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. კონკურსში უპირატესობა მიენიჭება არქეოლოგიური საველე სამუშაოების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილების მქონე კონკურსანტს. კონკურსში მონაწილეობისათვის, განმცხადებელმა, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ არქეოლოგიური სამუშაოებისათვის გაცემული ნებართვა (ან დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ კონკურსანტს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები აღნიშნული ნებართვის მოპოვების მიზნით), ან მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციასთან დადებული ხელშეკრულება.
იდენტური კონკურსი შარშან პირველად გამოცხადდა. მის ფარგლებში დაფინანსდა 4 პროექტი:
1. „ზემო რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, ფიქსაცია“;
2. „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“;
3. „უნდო კლდე 1-ის დათარიღება და სტუდენტების პრაქტიკა: სწავლება კვლევასთან ერთად“;
4. ,,ხვამლის არქეოლოგიური ექსპედიცია ახალგაზრდებთან ერთად“.
თავდაპირველად, კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 10 000 ლარს, მაგრამ კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწია და, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მისი ბიუჯეტი 21 100 ლარამდე გაიზარდა. შარშანდელი კონკურსის გამოცდილებაზე დაყრდნობით განისაზღვრა წლევანდელი ბიუჯეტიც.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭედის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელ N: 032 2 022229 ან N 599 20 52 25 სამუშაო საათების განმავლობაში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, არაუგვიანეს 2022 წლის 13 ივლისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/GKkReJY

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები